ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ზარები აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა მონაცემთა დამუშავება სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება”– საია

“ეს ზარები აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება,” – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს,  რითიც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებს ეხმიანება.

საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ და საზოგადოებას აცნობონ სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია.

“2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.

ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....