ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე, მაკა ასათიანის 25%-იან წილს ყიდულობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას გადაიხდის გია გაჩეჩილაძე, თუმცა, საუბარია 7,5 მილიონ დოლარზე. წილის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გია გაჩეჩილაძე მაკა ასათიანის მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან აწარმოებს.
წილის ყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “პირველს” გია გაჩეჩილაძემ დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ თანხის რაოდენობა სიმართლეს არ შეესაბამება.
“მოლაპარაკებების პროცესში ვართ, დაგველოდეთ და ალბათ მალე გაირკვევა ყველაფერი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თანხასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაქვთ”, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
დღეის მდგომარეობით, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის, ანუ 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილძეა, 25% მაკა ასათიანს ეკუთვნის.
რამდენიმე დღის წინ, მაკა ასათიანმა და გია გაჩეჩილაძემ ერთობლივი განცხადება გაავრცელებს, საიდანაც გაირკვა, რომ რამდენიმეპუნქტიან შეთანხემბას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, დღეს დანიშნული ტელეკომპანია “მაესტროს” ორი სასამართლო პროცესიდან ერთ-ერთი გადაიდო. საუბარია ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავაზე. ამ უფლების დაბრუნებას ბაჩო კიკაბიძე მოითხოვს.
„პროცესი გაარკვევს, აქვს თუ არა ზეგავლენა საქართველოში ფულიან ბიზნესმენს მოსამართლეზე. “მაესტრო მე მეკუთვნის,“- განაცხადა “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ.
ლოგოსთან დაკავშირებით ბაჩო კიკაბიძემ დღეს ძმებ გაჩეჩილაძეებს ახალი ინიციატივითაც მიმართა, რომლის თანახმადაც, ბაჩო კიკაბიძეს გაჩეჩილაძის მხარემ გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს, თუმცა გაჩეჩილაძეებს შეთავაზებაზე ჯერ არ უპასუხიათ.
ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბაჩო კიკაბიძეს ლოგო უსასყიდლოდ გადაეცა, რაც არაკანონიერია.