ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ჩინეთი და რუსეთი საიდუმლოდ თანამშრომლობენ ილონ მასკის Starlink-ის გასანადგურებლად და უახლესი იარაღის შესაქმნელად.
ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ხელში ჩაგდებული საიდუმლო სამხედრო დოკუმენტები ააშკარავებს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებული პარტნიორობა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი. The Insider-ის, Der Spiegel-ისა და Le Monde-ის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, ორი ქვეყანა აქტიურად მუშაობს ერთობლივ გეგმაზე უკრაინის ფრონტზე კომუნიკაციის მთავარი ღერძის — ილონ მასკის თანამგზავრული ქსელის, Starlink-ის, გასანადგურებლად, რაც სრულიად აბათილებს პეკინის მიერ გაცხადებულ „ნეიტრალიტეტს“.
მოპოვებული მასალები, რომლებიც მოიცავს რუსულ-ჩინური სამხედრო-ტექნიკური ფორუმების დახურულ პრეზენტაციებსა და ოქმებს, აჩვენებს, რომ Starlink-ის წინააღმდეგ ბრძოლა სტრატეგიულ დონეზეა აყვანილი. გეგმა სამსაფეხურიან ესკალაციას ითვალისწინებს: საერთაშორისო მარეგულირებლებზე დიპლომატიურ და სამართლებრივ ზეწოლას, კრიტიკული ორბიტალური სლოტებისა და სიხშირეების ერთობლივ ბლოკირებას და, საბოლოო ჯამში, ქსელის ფიზიკურ თუ კიბერნეტიკულ პარალიზებას. რუსეთი და ჩინეთი განიხილავენ როგორც მასობრივ კიბერშეტევებს, ისე დაბალფასიანი ანტითანამგზავრული იარაღის (მათ შორის, კოსმოსში ნამსხვრევების ღრუბლის გაფანტვის ან მიკროტალღური იარაღის) გამოყენებას, რათა მასკის კუთვნილი თანამგზავრები იმაზე სწრაფად გაანადგურონ, ვიდრე SpaceX მათ ჩანაცვლებას შეძლებს ევროპულ დედაქალაქებსა და ვაშინგტონში ამ საიდუმლო ალიანსის მასშტაბები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ექსპერტები მას „განგაშის ზარს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ დასავლელი ლიდერები და თავად ილონ მასკი – რომელიც ცნობილია ჩინეთის მთავრობისადმი სიმპათიებით – ფუნდამენტურად ვერ აფასებენ იმ რეალურ საფრთხეს, რასაც რუსეთ-ჩინეთის ეს „ულიმიტო“ სამხედრო პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს.

