ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში გაემგზავრა

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

“ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელში პრემიერმინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

იტვირთბა....