აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ დარბილებაზე და გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი ზედმეტია”-ირაკლი კობახიძე

გაგრძელდა რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ოთხი ასეული ადამიანი ყოველდღე უყენიათ რუსთაველის გამზირზე, აკეტვინებენ რუსთაველის გამზირს – ანუ არავითარი შემხვედრი ნაბიჯი. გაგრძელდა სანქციების დაწესება – რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ტოვებს იმის სივრცეს, რომ ვისაუბროთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო ფორმატის შექმნაზე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც განმარტა, თუ რატომ თქვა „ქართულმა ოცნებამ“ უარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია გააცნეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს.

„თქვენ გახსოვთ, ბატონი ბერსე ჩამობრძანდა საქართველოში, რასაც მოჰყვა ძალიან უხეში შეფასებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი – ეს არის კონტექსტი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე ამ ფორმატმა, რა თქმა უნდა, დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა.

ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შემხვედრი ნაბიჯი გვეხილა კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, „დიფ სთეითის“ და სხვა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, პირიქით, საპირისპირო ტენდენცია ვიხილეთ – გაგრძელდა რევოლუციის მოწყობის მცდელობა, თქვენ ხედავთ, რომ ოთხი ასეული ადამიანი ყოველდღე უყენიათ რუსთაველის გამზირზე, აკეტვინებენ რუსთაველის გამზირს – ანუ არავითარი შემხვედრი ნაბიჯი. გაგრძელდა სანქციების დაწესება, PACE-დანაც იცით, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, როდესაც დათქმებით მიანიჭეს ჩვენ დელეგაციას მხოლოდ სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ტოვებს იმის სივრცეს, რომ ჩვენ ვისაუბროთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო ფორმატის შექმნაზე. ამ ყველაფრის ფონზე, არათუ არ შეიძლება დარბილდეს გამჭვირვალობის კანონი, ოღონდ არ ვიცი, მეტი რა უნდა დარბილდეს იმიტომ, რომ საუბარია ამ კანონში მხოლოდ ერთჯერად, ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციაზე – ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ები გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, გამჭვირვალობის შესახებ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და ასევე, გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს. ჩვენ, ყველა პრინციპი, წესი დავიცავით. წინასწარ ვაცნობეთ ბატონ ბერსეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....