ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიუხედავად გაკეთებული განცხადებისა – „არა და არასდროს“, ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს” – სარჯველაძე

“როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო ჩადენილი დანაშაულებისთვის?!” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვების დაწყებას.

“ყველა ხერხს ცდიან საიმისოდ, რომ იმ ამოცანას მიაღწიონ, რაც თავიდანვე დღის წესრიგში ჰქონდათ. მათი დამოკიდებულებაა, კი ჩაიდინა სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები, მაგრამ იმის გამო, რომ სააკაშვილია, მას უნდა ჰქონდეს პრივილეგია, რომ პასუხისმგებლობა აიცდინოს, თან ამას ღიად არ უნდა საუბრობდნენ, ეს არის მათი დამოკიდებულება. ამისთვის ხერხად მოსინჯეს მოწამვლის ამბავი, ხერხად მოსინჯეს ევროპარლამენტში საკუთარი მეგობრების ლობისტური აქტივობის შედეგად ის რეზოლუციები, რომელიც მიიღეს, მოსინჯეს ფოტოების ფრიალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო, მოსინჯეს ყველაფერი უკლებლივ, სხვათა შორის, სტრასბურგიც, რომელმაც სილა გააწნა იმ დიდი ხნის სიმულაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის მერე, ახლა დღის წესრიგში დგას ხელმოწერა. როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო ჩადენილი დანაშაულებისთვის? ეს არამც და არამც, სწორი არ არის. ალბათ, საკუთარ მომხრეებში, რომელიც შეიძლება იყოს 100 000-200 000, შესაძლოა, ხელმოწერები შეკრიბონ, მაგრამ რიტორიკულად დავსვათ კითხვა – ის, რაც გირგვლიანს, რობაქიძეს, ვალერი გელაშვილს დაემართა, ამის საპირწონედ, ამაზე უკეთესი ღირებულება აქვს თუ არა, ამ ხელმოწერების ამსახველ დოკუმენტებს? მე არ მგონია ასე, დიახ, დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება სააკაშვილი, თუ ნებისმიერი სხვა“ – განაცხადა სარჯველაძემ.

იტვირთბა....