კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს.
მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ივანიშვილი თავისი ფულის დასაბრუნებლად ფაქტობრივად ვაჭრობდა საქართველოს საგარეო კურსით.
როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს? რა გზავნილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს?
ბევრი ახალი არ უთქვამს, თუმცა გზავნილები ემსახურებოდა შიშის დანერგვასა და გაძლიერებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არყოფნის შემთხვევაში, დაიწყება ომი. თუ დავუკვირდებოდით მის სიტყვებს, იყო აშკარად წინააღმდეგობრივი და არ არსებობდა ლოგიკური კავშირი მათ შორის. გამოჩნდა ის , რომ ივანიშვილი თავისი ფულის დასაბრუნებლად ფაქტობრივად ვაჭრობდა საქართველოს საგარეო კურსით – ეს თავადვე დაადასტურა მან. როგორც არ უნდა შეფუთოს ივანიშვილმა, რომ მე უარს ვამბობდი შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, რადგან მქონდა კომპლექსი იმისა,რომ ჩემს ფულს არ მაძლევდნენო და ამის გამო შეიძლება, ჩემი გადაწყვეტილება დაეკავშირებინათ საქართველოს საგარეო კურსთან, ახლა უკვე მოგვარდა ჩემი პრობლემა და მე ახლა თავისუფლად შემიძლია შევხვდე მათ – ამ ნათქვამიდან ჩანს პირდაპირი ვაჭრობა. ის სულ ხაზს უსვამდა იმას, რომ საზოგადოებას თუ უნდა მშვიდობა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიგოს ეს არჩევნები კონსტიტუციური უმრავლესობით და რისთვის? იმისთვის, რომ გააუქმოს პარტიები… როგორც თავად უწოდებს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. პირდაპირ ჩამოთვალა რომელ პარტიებზე იყო საუბარი – ეს არის ის პარტიები, რომლებიც მაღალი ალბათობით ერთობლივად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. მას საუბარი ჰქონდა არამარტო პარტიების გაუქმებაზე, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამ პარტიების წევრების მიმართ – განაცხადა ხმალაძემ.
გახარიასა და მისი გუნდის მიმართ მუქარა ნიშნავს თუ არა იმას, რომ გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დაიწყებს პოლიტიკურ დევნას?
რა საკვირველია, ამას ნიშნავს. მას საუბარი არ ჰქონდა მხოლოდ გახარიას პარტიაზე, გულისხმობდა ოთხივე სუბიექტს: “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „ახალსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ გუნდებს. გარდა ამისა, მარტო ეს საკითხი არ არის პრობლემა. მას საერთოდ არ უსაუბრია საქართველოს საგარეო კურსზე, არ უსაუბრია ეკონომიკაზე. ხომ სრულიად აშკარაა რას გულისხმობდა ის რაც მან თქვა, თუნდაც პარტიების გაუქმებას, აკრძალვასა და ომის დანაშაულებზე. არაერთხელ აღგვინიშნავს ჩვენ რომ ,როდესაც საუბრობენ ომის დანაშაულებზე, ამით ადანაშაულებენ საქართველოს, მაშინ როცა არსებობს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საწინააღმდეგოს ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაულები ჩაიდინა არა საქართველომ, არამედ რუსეთმა. ეს ყველაფერი მიუთითებს ცალსახად იმაზე,რომ კურსი იქნება არა ევროპისკენ, არამედ მისი ალტერნატივისკენ და ეს ალტერნატივა ერთადერთია – რუსეთი, რამდენადაც სრულიად ცალსახა განცხადებები ევროკავშირის ლიდერებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან მეტყველებს იმას,რომ ასეთი მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი იქნება დაკეტილი – აღნიშნა მან.