ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტ “ახალი ტფილისის” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები იწყება.

“აღნიშნულ მონაკვეთში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება ცენტრალური სასმელი წყლის მილები, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები. გამზირზე დამონტაჟდება ელექტროობისა და გაზმომარაგების ახალი სისტემები, ასევე განახლდება ინტერნეტ და სატელეფონო კაბელები.

საავტომობილო გზის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები თბილისის საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობენ ალტერნატიული სატრანსპორტო სქემის ჩამოყალიბებაზე, რათა აღნიშნული სამუშაოების გამო არ მოხდეს შეფერხება გზებზე და მოიძებნოს მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ალტერნატიული სქემა”, – წერია მერიის განცხადებაში.

იტვირთბა....