შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში სულ 54,177 დანაშაული აღირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია, თუმცა ამ დანაშაულებს შორის გაზრდილია ნარკოდანაშაულის რაოდენობა, რამაც მთლიანი დანაშაულების 12% შეადგინა. სულ ნარკოდანაშაულების რაოდენობა 6,594 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ კანაფის პერსონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 2023 წელს 1,600-ს შეადგენდა მცენარე კანაფის “უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღების” მუხლით გამოვლენილი საქმეების რაოდენობა.
წლების მიხედვით გამოვლენილი დანაშაულების სტატისტიკიდან ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით დანაშაულების გამოვლენას ზრდის.
ასევე, გაზრდილი არის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – გაუპატიურების შემთხვევები 2022 წელთან შედარებით გაზრდილი.
გაზრდილი არის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევებიც. თუ 2022 წელს იყო 88 შემთხვევა, 2023 წელს რაოდენობამ 94-ს მიაღწია. გაზრდილია ტრეფიკინგის მაჩვენებელიც. 2022 წელს იყო 6 შემთხვევა გამოვლენილი, 2023 წელს კი 9.
სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გაზრდილია იძულებით ქორწინების გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა – თუ 2022 წელს 15 შემთხვევა გამოვლინდა, 2023 წელს ეს რაოდენობა 49-ს აღწევს.
2022 წელთან შედარებით გაიაზრდა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევებიც – 2023 წელს 14 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.
გაზრდილია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შემთხვევებიც. თუ 2022 წელს 131 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2023 წელს 197-მდე გაიზარდა.