aviabiletebi
ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

როგორი პოლიტიკური ეფექტი ექნება ღარიბაშვილის დაბრუნებას?

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონიომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრ ლევან ჩოლოყაშვილთან

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს. ღარიბაშვილის ყოფილი თანაგუნდელები მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლო ფორმებზე საუბრობენ. ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერთან არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. კალაძე ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასაც გამორიცხავს.

“ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა. ასეთი რაღაცები, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე” – ამბობს კახი კალაძე.

ღარიბაშვილის დაბრუნებას მიესალმება პარლამენტის წევრი და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური.

„ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ მასთან კონსულტაცია აუცილებელია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მისი გამოცდილება. ის საარჩევნო კამპანიისთის საჭირო პერსონაა. ზოგადად კი, მის დაბრუნებას პოლიტიკაში მივესალმები“. – ამბობს მეჭიაური და იმასაც დასძენს, რომ კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც ღარიბაშვილის დაბრუნება მაინცდამაინც არ გაუხარდებათ.

რა სარგებელს მოუტანს ღარიბაშვილი კოალიციას და ვის დასჭირდა მისი ხელისუფლებაში მოსვლა? „მეტრონომი“ გთავაზობთ ინტერვიუს ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ ლიდერ ლევან ჩოლოყაშვილთან.

„მეტრონომი“: „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კოალიცია იმსჯელებს, როგორ მოხდეს ღარიბაშვილის ჩართულობა კოალიციის საქმეებში. ბევრისთვის ეს ნიშნავს ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ღარიბაშვილმა კოალიციას?

ლევან ჩოლოყაშვილი: “ყველაზე ნათლად დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ იმის მიხედვით რაც აქვს ადამიანს გაკეთებული. მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში როგორი განვითარება ჰქონდა საქართველოს ეკონომიკას, როგორი იყო მაჩვენებლები…  ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ დიდი არაფერი სატრაბახო არ აქვს ღარიბაშვილს. ის ძირითადად დაკავებული იყო ოპონენტების და ოპოზიციის კრიტიკით. ჟურნალისტებმა პირდაპირ უნდა დაუსვან კითხვა, რა აქვს სატრაბახო და რა არის მის პერიოდში გაკეთებული, რომელიც რეალურად წარმატებული იყო. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ისეთი მყარია ეკონომიკური მაჩვენებელი, თუნდაც საქსტატის მიერ მოცემული,  ამისთვის სპეციალური კომისიის შექმნა არ გვჭირდება. მისი ნამოქმედარი და საქმიანობა ყველასთვის ნათელია.

-ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე მაიცდამაინც ღარიბაშვილია პასუხისმგებელი?

– აბა ვინ შეიძლება იყოს? კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მოხდა და მისი უფლებამოსილება როგორც პრემერ-მინისტრის გაიზარდა. ყველაფერი კარგიც და ცუდიც არის იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობს. აბა ვის შეიძლება დავაბრალოთ? ვინც მინისტრთა კაბინეტს განაგებს ის წყვეტს როგორ განავითაროს ქვეყანა“.

– დღევანდელი პრემიერი ოპოზიციაშიც და ხელისუფლების შიდა პარტიებში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება კოალიციაში გარკვეული ძალების მოთხოვნაა, რომელთაც გამოკვეთილი ლიდერი სჭირდებათ.

– „თუ ცუდსა და უარეს შორის არჩევანს გავაკეთებთ, კვირიკაშვილი ჯობია. არ მინდა ვიყო ძალიან კატეგორიული, რადგან შედარებით ახალი პრემიერ-მინისტრია, მისი ვადა პრემიერ-მინისტრობის მცირეა და ჩემი აზრით, ის უფრო ქმედითუნარიანია, უფრო დაბალანსებულია, უფრო კარგად წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, ანუ მას აქვს მეტი პლიუსი ღარიბაშვილთან შედარებით. ვიღაცას შეიძლება უნდოდეს ღარიბაშვილის დაბრუნება. ეს კოალიციური სტრუქტურაა, სხვადასხვა იდეოლოგიის ხალხი, რაღაც ერთი ნიშნით გაერთიანებული, რომ როგორმე გასულიყვნენ და მოეგოთ არჩევნები. ლოგიკურია, რომ იქ არის გარკვეული შიდადაპირისპირებები და ალბათ ვიღაც მოიძებნება ისეთი, ვისაც მოსწონს ის ქმედებები, რაც ღარიბაშვილის დროს განხორციელდა“.

-ღარიბაშვილის მოსვლით გაიზრდება კოალიციის შესაძლებლობა 2016 წლის არჩევნებზე?

– „მე ვთვლი, რომ პირიქით. ხალხი მის ნამოქმედარს, მის განვლილ გზას აფასებს. ხალხი ხედავს და ახსოვს როგორი დაპირებები იყო, რა გეგმებით მოვიდა, რომელიც მერე არ შესრულდა. არცერთი დაპირება, რაც მათ ხალხს მისცეს არ შესრულდა. ადამიანი, რომელიც წარუმატებელი იყო, რა შეიძლება გააკეთოს, მას შემდეგ როცა ხელისუფლებაში მობრუნდება? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეოცნებე ამომრჩეველი გვყავს, მაინც ვფიქრობ, რომ ხალხი გააანალიზებს რა გაკეთდა ღარიბაშვილის დროს.

– ფარულ ჩანაწერებზე მინდა გკითხოთ. თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ყოფილი მთავრობის, რომელიც შესაძლოა იღებდა ამ მასალებს თუ ამჟამინდელი ხელისუფლების, რომელმაც გავრცელების პრევენცია ვერ უზრუნველყო?

– „ჩემი აზრით, ორივეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს წინ, მაგრამ ყოფილი მთავრობის და წინა ხელისუფელების პირობებში ხდებოდა ამის გადაღება, სწორად ბრძანეთ, ახალმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ამის აღკვეთა. გვახსოვს, რაღაც ოპერაციები კასრები და ა.შ. აჩვენეს უძველესი კასეტები და ფირფიტები, რომლებიც აღარც მახსოვს რომელ საუკუნეში იყო. გვაჩვენეს, რომ თითქოს განადგურდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისევ არსებობს. ამ შანტაჟს ბოლო უნდა მოეღოს და გამოძიება უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ჩვენი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამ ინიციატივით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, ვინ არ უჭერს ჩვენს ინიციატივას მხარს და რატომ არ უჭერს მხარს.

– უმრავლესობის ნაწილმა პოპულისტური ნაბიჯი უწოდა თქვენს ინიციატივას.

– „რატომ არის პოპულისტური? ყველა აღიარებს, რომ ამ კადრების გავრცელება უმსგავსობაა, კანონის დარღვევა არ უნდა იქნეს გამოძიებული?

– ისინი აცხადებენ, რომ ამისთვის პროკურატურა არსებობს

– „პროკურატურა რომ არსებობს ჩვენც ვიცით და იმასაც ვხედავთ რა შედეგებსაც დებს. როდესაც ქვეყანაში კვირების განმავლობაში ყველა ნიუსი ამით იწყება და ყველა ამაზე საუბრობს და როდესაც ამაზე პროკურატურა ვერ დებს დასკვნას, მაშინ უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს და ბოლომდე მიიყვანს.

2016 წელს არჩევნებია დაგეგმილი. რა არის “გირჩის” გეგმა მაქსიმუმი. შეძლებთ 5%-იანი ბარიერი გადალახვას?

– „ჩვენ საბრძოლველად ვერთ განწყობილნი და ვეცდებით, რომ პარლამენტში ფრაქციით შევიდეთ. შედარებით ახალი შექმნილია ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, ამას აქვს გარკვეული მინუსებიც და პლიუსებიც, რადგან სუფთა ფურცლიდან დაწყება არის ყოველთვის უფრო საინტერესო, უფრო ცოცხალი და განწყობილი ვართ იმისთვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში. გვინდა გავაკეთოთ ის, რა ქვეყანას სჭირდება და ამისთვის გვაქვს ძალიან კონკრეტული პროგრამა.

– რა არის თქვენი პარტიის უპირატესობა, თუნდაც „თავისუფალ დემოკრატებთან“ შედარებით, რომელსაც მზარდი რეიტინგი აქვს?

– „ვის აქვს მზარდი რეიტინგი?

-ვგულისხმობ NDI-ის ბოლო კვლევებს, სადაც პარტიას რამდენიმე თვეში 3%-იანი ზრდა აქვს.

– „ჩემი აზრით, მანდ არის უფრო სხვა ფაქტორები. მოხდა სამწუხარო ფაქტი, პარტიის ერთ-ერთ ლიდერს თავს დაესხნენ. არის ისეთი არაპირდაპირი პარამეტრებიც, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებაზე და უფრო ცნობადი გახადა პარტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი პროგრამა დაფუძნებულია დაბალ გადასახადებზე, მთავრობის ხარჯების შეკვეცა, დაბალშემოსავლიანი ოჯახების დახმარება, ესენია ჩვენი ძირითადი მესიჯები და ყველა არის აბსოლუტურად გაკეთებადი. თითოეული პუნქტების გაშლა გაძლევთ ძალიან ლოგიკურ სურათს, რომლითაც ქვეყანა მიიღებს რეალურ კეთილდღეობას. ასეთი კონკრეტიკა არცერთ სხვა პარტიას არ აქვს.

თქვენ საბურთალოს ოფისის ხელმძღვანელი ხართ და წესით მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეთ. უმუშევრობის და სხვა სოციალური საკითხების გარდა. რა აწუხებს მათ. რა არის მთავრი გამოწვევა ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის?

– „უმუშევრობის გარდა აწუხებთ ჯანდაცვის საკითხები. ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ ზედაპირულად არის კარგი, მაგრამ რეალურად არ მუშაობს. ის, რომ ექიმთან მიხვიდე და კონსულტაცია გაგიწიოს, მაგრამ დანიშნულებას რასაც მოგცემს იმის შესრულება ძალიან რთულია. სასწაულად არის გაძვირებული მედიკამენტები. ხალხს მედიკამენტების ყიდვის საშუალება არ აქვს. მე თვითონ ექიმი გახლავართ და შეხედვით და საუბრით დაავადებები ვერ იკურნება. ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია ამომრჩეველს პირდება, რომ ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში დაგასაქმეთ. ვერავინ ვერავის ვერ დაასაქმებს. წინა ხელისუფლების დროს მგონი დასაქმების სამინისტროც შეიქმნა თუ არ ვცდები. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური კეკლუცობა. დასაქმება შეუძლია მხოლოდ ჯანსაღ ბიზნესს“.

 

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....