aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა სამართალი

დეპუტატი ზვიადაური ავარიაში მოყვა?: დაზარალებულები ფაქტს უარყოფენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

2 ადამიანი დაშავდა ახმეტაში მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას, რომელიც ავარიის მიზეზი გახდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პარლამენტის წევრი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური მართავდა. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა პოლიციას ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია.

შემთხვევა 2016 წლის 13 თებერვალს, საღამოს, ქალაქ ახმეტაში მოხდა. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, ზურაბ ზვიადაური საკუთარი, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით JU-090-DO, ილია ჭავჭავაძის ქუჩის (ყოფილი სტალინის ქუჩა) გადამკვეთი საუბნო გზიდან დიდი სისწრაფით გამოვიდა და ჯერ ამავე ქუჩაზე მოძრავ „ნისანის“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელს.

თვითმხილველების განმარტებით, პარლამენტის წევრი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ავტოავარიის შედეგად „ნისანის“ მძღოლი 65 წლის მირიან ქავაზაური დაშავდა – მას მარჯვენა ფეხზე მოტეხილობა აქვს. შედარებით მსუბუქად დაშავდა მისი მეუღლე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მირიან ქავაზაურს ტელეფონით ესაუბრა:

ბატონო მირიან, როგორ ხართ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ფეხი როგორ გაქვთ?

– ფეხი კარგად მაქვს. თაბაშირში მაქვს ჩასმული და ორ კვირაში მოგიხსნითო მითხრეს.

დაზიანება რა ვითარებაში მიიღეთ?

– არვიცი, რავიცი აბა, სახლში რომ მოვედი, მტკიოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაშავდით?

– არა, გადამიბრუნდა კაცო.

თქვენი მეუღლე რა ვითარებაში დაშავდა?

– მეუღლეს არაფერი უჭირს… ცოტა გვერდი აქვს დაჟეჟილი, ისიც წამლებს სვამს.

დავუშვათ თქვენ ფეხი გადაგიბრუნდათ და მოიტეხეთ, თქვენმა მეუღლემ როგორ მიიღო დაჟეჟილობები?

– რომ წავიქეცი, მაყენებდა და იმან კიდევ სახელურს ჩამოარტყა გვერდი და დაჟეჟილობები მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ დაშავებულხართ?

– არაფერი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა. ყველაფერი კარგად არის, ყავარჯნებით დავდივარ და ორ კვირაში მომხსნიან.

ზურაბ ზვიადაური რომ მონაწილეობს ავტოსაგზაო შემთხვევაში, ამიტომ არ ახმაურებთ ინფორმაციას?

– ზვიადაურს ტელევიზორიდან ვიცნობ, არც კი ვიცნობ წესიერად. ჩემპიონი რომ გახდა იმ დღიდან… არც მინახავს ეგ ახლოდან“.

მირიან ქავაზაურს სამედიცინო დახმარება თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გაუწიეს. საავადმყოფოს დირექტორის ზაზა კოპლატაძის განმარტებით, პაციენტმა ექიმებს უთხრა, რომ დაზიანება კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო.

„ისტორიაში ჩანაწერია გაკეთებული, რომ კიბიდან ჩამოვარდა და დაეცა. გაეწია შესაბამისი ტრავმატოლოგიური დახმარება და გაეწერა ბინაზე. რადგან დანაშაულის ნიშნები არ ისახებოდა, ამიტომ პოლიციისთვის არ გვიცნობებია. რაც შეეხება მეუღლეს, ის გარეთ ელოდებოდა, შემდეგ კი რენდგენი გადაიღო. უთხრეს, რომ შინაგან დაზიანებები არ ჰქონდა და სახლში წავიდა“, – აღნიშნა კოპლატაძემ.

“მეტრონომი” შსს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ავარიასთან დაკავშირებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ავარიის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

წყარო: “კახეთის საინფორმაციო ცენტრი”

იტვირთბა....