რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, „ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის გამო პროტესტი აფხაზეთში, გარედან არის წახალისებული“.
მისი თქმით, სახელმწიფო აგარაკი 180 ჰექტარი ფართობით – ძველი, სტალინის დროინდელია და მთავრობათაშორისი შეთანხმების თანახმად, იგი „ეკუთვნის“ რუსეთს და დოკუმენტის რატიფიცირებას აფხაზეთის „პარლამენტმა“ უკვე დაუჭირა მხარი.
კარასინმა აღნიშნა, რომ გარედან არეულობის „ხელოვნურად გაღვივების“ მცდელობა აშკარაა, ამიტომ არ ღირს ვითარების ზედმეტად სერიოზულად აღქმა.
„რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება მისი რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ“, – განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.
გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 26 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.