ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვის ეკუთვნის მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გამო – ზურაბ ჯაფარიძის განმარტება

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ამასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების დამსახურების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„არ ვიცი საბოლოო ჯამში ვინ გაიმარჯვა სტატუსის მოპოვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის საჯარო კონკურსში, მაგრამ
მადლობა ეკუთვნის ბევრ პოლიტიკოსს რომლებიც ან ცოცხალი არ არიან ან ახლა გაბნეული არიან სხვადასხვა პარტიებში და რომლებმაც ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნის დროს გულწრფელად ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნის დასავლეთისკენ გადაჩოჩებისთვის
უამრავ საჯარო მოხელეს, რომლებიც წყნარად და მეთოდურად ასრულებდნენ შავ სამუშაოს, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს
იმ ათობით ათას ადამიანს, რომლებიც მარტო კვლევებში კი არ აფიქსირებენ დასავლეთისკენ სწრაფვის სურვილს, არამედ საჭირო დროს რუსთაველზე იდგნენ წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების პირისპირ
ლაზარეს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც იმაზე მეტი გარისკეს და გაიღეს, ვიდრე უფროსმა თაობამ
ევროპელებს, რომლებმაც, რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზების გამო, თვალი დახუჭეს მიშელის დოკუმენტის დაკიდებაზე, 12 პუნქტის არ შესრულებაზე, ანტიდასავლურ კაპმანიაზე, შანტაჟზე, შეურაცხყოფაზე, ტყუილებზე და ათას მარაზმზე; და ავანსი მოგვცეს იმაზე გათვლით რომ შევძლებთ დასავლური ტიპის ქვეყნის შექმნას სადაც არჩევნები არჩევნებია და სასამართლო სასამართლო
და, რაც მთავარია, უკრაინელებს, მათ შორის უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომელთა თავგანწირვამ და თავისუფლების წყურვილმა სამყარო შეცვალა და პროცესები დააჩქარა
ევროპა არ არის სამოთხე დედამიწაზე, მაგრამ იქ გაცილებით მეტი თავისუფლებაა
შანსი გვაქვს 2030-ში მოვყვეთ ევროკავშირის შემდეგი გაფართოების ტალღაში და მართლა გავიღვიძოთ რეალობაში სადაც, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, ჩრდილოეთიდან საფრთხე ან აღარ გვემუქრება (ამისთვის ნატოც გვინდა) ან მინიმუმამდეა დაყვანილი
ამ შასის გაშვება იქნება ისტორიული დანაშაული
და ავანსების იმედად ნუ ვიქნებით, რადგან შეიძლება მეტი აღარ იყოს“, – წერს ჯაფარიძე.

იტვირთბა....