„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე, ან თუ ჩადიხარ, პირში უნდა უთხრა რაღაცები, მაგრამ დარჩიაშვილი ამის გამკეთებელი არ არის.
„გააჩნია, როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს. ჩვენ, რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ ის იქ დადგება და საქართველოს ინტერესებს დაიცავს და ლავროვს პირში ეტყვის რაღაცებს, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება, იქ მდუმარედ იქნება და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეს იქნება პრობლემა, თუმცა მეტიც, დღეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატო-ში, სადაც, მაგალითად, მონაწილეობას იღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ცალკე უკრაინა-ნატო-ს კომისიის შეხვედრაც იმართება. წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ უნდა იყოს და მანამდე უნდა მოეთხოვა საქართველოს, რომ ასევე, ცალკე ყოფილიყო საქართველოს-ნატო-ს კომისიის შეხვედრა, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე იქ დასწრება, სადაც ახლა არის წასული.
მაშინ არ უნდა წასულიყო, ბოიკოტი იქნებოდა გამოსავალი. წასვლა და მერე პროტესტის ნიშნად დატოვებას, შინაარსი არ აქვს. ხომ იცის, რომ ლავროვი ესწრება, ან არ უნდა წახვიდე, ან თუ ჩადიხარ, პირში უნდა უთხრა რაღაცები. ჩვენი მინისტრი არც ერთის და არც მეორეს გამკეთებელი არ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.