ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას – გიორგი გახარია

ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარია სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.

„რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია”, – წერს გახარია სოციალურ ქსელ X-ზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული პირი თამაზ გინტურია.

იტვირთბა....