საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ფარგლებში, ევროკავშირის მოთხოვნების თემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას.
„ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო და არავინ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ დავაწესებდით სანქციებს. მეორე – ეს ნიშნავს რისკს სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა პროქსიჯგუფების გამოყენებით, თუ ა.შ. ანუ, ნიშნავს სამხედრო და ეკონომიკურ კოლაფსში ქვეყნის გადაგდებას და რა თქმა უნდა, არც ერთი პასუხისმგებლიანი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია საქართველოდან ამას არ ითხოვდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ უნდა მოეცათ ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, ვხედავთ, ეს ჯგუფი, მათ შორის ოპოზიციის და მათი მფარველი რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი უცხოეთში ამას ცდილობენ, ითხოვენ, თავიდანვე ითხოვდნენ, სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოსახლეობა გაეწირათ ეკონომიკური კატასტროფისთვის და გაეწირათ შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის. ამიტომ მე მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ვიღაც უცხოელი ჟურნალისტი ამ საკითხებზე საუბრობს. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ოპოზიცია ამაზე მუშაობს, მათ შორის ვიცით, რომ ბრიუსელში ჩადის მათი რამდენიმე წარმომადგენელი, რომ ადგილზე ბოლო შტურმი მიიტანონ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.