ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ელისაშვილი: პროკურორებსაც მივუსვამ ბესელია-კობახიძეს ადრე თუ გვიან

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ე.წ კოკაინის საქმეს ეხმაურება. ელისაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას კვლავაც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროკურატურამ არაობიექტურად გამოიძია აღნიშნული საქმე.

“პროკურატურა მუშაობდა ჩაფარცხვაზე და მათი ჭკუით ჩაფარცხეს. თავს იტყუებენ. ისეთი დასკვნა დაწერეს, რომ თან ვკითხულობდი და თან სიცილით ვკვდებოდი. ოროსანი ბავშვი არ დაწერდა ისეთ სისულელეებს, რაც მათ ეწერათ. პუნქტობრივად სხვა დროს გავყვები, მაგრამ ფაქტი ერთია – მაქსიმალურად დააფარეს ხელი ბესელია-კობახიძეს. თუ ჰგონიათ, რომ სამარადჟამოდ შერჩათ ეს ყველაფერი, ძალიან ცდებიან. ჩემს მთავარ მიზანს მივაღწიე – საზოგადოებას ვუთხარი სინამდვილეში ვინ არის ეს ხალხი. მათ ბედს რომ წყვეტენ, სინამდვილეში ვინ არიან ეს ქალები. მე სიტყვასიტყვით ჩავუწერე ჩვენებაში, რომ თუ დავრწმუნდებოდი, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს ყველაფერს ვიტყოდი. თუ შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია პარლამენტში, მე „თავისუფალ დემოკრატებს“ მსურს მივმართო, რომ ეს საკითხი დასვან, მაშინ იქ სახელს და გვარს დავასახელებ. ყველამ კარგად დაიმახსოვროს ეს, რომ მე პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ ახლა დავიწყე და ეს არის ჩემი ღირსების საქმე. პროკურორებსაც მივუსვამ ბესელია-კობახიძეს ადრე თუ გვიან“.-განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ე.წ კოკაინის საქმე გუშინ დახურა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში კობახიძე-ბესელიას ბრალეულობის საკითხი არ დადასტურდა.

იტვირთბა....