ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ „ოცნებამ“ ამოწურა თავისი თავი, ის ვეღარაფერს მოერევა; ბურთი ოპოზიციის მოედანზეა“ – თინათინ ხიდაშელი

„მეტრონომი“ თავდაცვის ექსმინისტრს, პარლამენტის ყოფილ წევრს, თინათინ ხიდაშელს საქართველოში მიმდინარე ხმაურიან პროცესებთან მიმართებით დასავლელი პარტნიორების რეაქციებისა და კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ამ პროცესების გავლენის შესახებ ესაუბრა.

ხიდაშელის თქმით, დასავლელი პარტნიორების რეაქციები ყველაზე უკეთ გამოიხატა სავალუტო ფონდის დღევანდელ განცხადებაში. აღნიშნული ორგანიზაცია არ არის პოლიტიკური და ამდენად, ის პოლიტიკურ საკითხებს ძალიან იშვიათად ეხმაურება, მისი დღევანდელი განცხადება კი, ხიდაშელის შეფასებით, მკაცრი და ცალსახა იყო.

პოლიტიკოსმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, მაგრამ მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ იქნებ, რთული, გრძელვადიანი რეფორმების დათქმებით, სტატუსი მაინც მივიღოთ.

თნათნ ხიდაშელმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შესახებ. მისი თქმით, „ოცნებამ“ ბოლომდე ამოწურა თავისი თავი და ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა.

[su_quote] დასავლელი პარტნიორების რეაქციები ყველაზე უკეთ გამოიხატა სავალუტო ფონდის დღევანდელ განცხადებაში. ეს ფონდი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, არც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული და, შესაბამისად, ის ძალიან იშვიათად აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს. თუკი ქვეყანაში რამ სპეციფიკური კრიზისი არ დადგა, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელად გაგვახსენდება შემთხვევა, როცა სავალუტო ფონდს გამოუხატავს თავისი პოზიცია პოლიტიკურ პროცესთან მიმართებით. ბოლოს ეს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მოხდა, იმიტომ რომ ის კანონი დემოკრატიული განვითარებისთვის ცალსახად ხელისშემშლელი იყო.

ამდენად, ის პროცესები, რომლებიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, დიდ გავლენას იქონიებს საქართველოს რეპუტაციაზე. ეს თავისთავად ეხება კანდიდატის სტატუსის საკითხსაც. საქართველოს ხელისუფლება ავსებს დასავლელის პარტნიორების [მოთმინების] ფიალას, რომელიც იმედია, ჯერ კიდევ ნახევრად სავსეა. იქნებ, რთული, გრძელვადიანი რეფორმების პირობებით, მაინც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის ვერაფერს ვეღარ მოერევა, ვერაფერს ვეღარ გადააგორებს. წარმატების ერთადერთი შანსი მათ აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ვერ მოახერხებს საკუთარი განწყობებისა და დამოკიდებულებების საზოგადოებამდე სწორად მიტანას.

ამდენად, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე. „ოცნებას“ საეღთოდ აღარაფერი აღარ ეკითხება. მმართველმა პარტიამ ამოწურა ყველანაირი რესურსი, მაგრამ ქართულ ოპოზიციას შეუძლია „უზრუნველყოს“, რომ ის მარტო დატოვოს ველზე და ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში. [/su_quote]

– განაცხადა თინათინ ხიდაშელმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო.

გუშინწინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

3 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

ასევე მედიაში გავრცელებული ცნობით, გუშინ, 20 სექტემბერს, ფარცხალაძემ თავისი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა.

იტვირთბა....