ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შეშფოთებული ვართ სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით“ – სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი ხმაურიანი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

„როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

შეგახსენებთ, სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს დაამტკიცა, 20 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს. უწყებიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

20 სექტემბერს ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილმაც. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გადადგომას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილება რომელიმე ერთ კონკრეტულ პირზე არაა მორგებული.

იტვირთბა....