ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას; ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „პირველ არხთან“ ინტერვიუში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპურ ტურნესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ამას მმართველი პარტია უნუგეშოდ ვერ დატოვებს.

„ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტიც, თქვა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, გამოდის, რომ მისი აზრით, წელსაც არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასათან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

იტვირთბა....