კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის, ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულ ავიაკატასტროფასა და პრიგოჟინის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით დასავლეთში უამრავი სპეკულაცია არსებობს, რაც აბსოლუტური სიცრუეა.
„ამ კატასტროფისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის, ტრაგიკული დაღუპვის ირგვლივ ბევრი სპეკულაცია არსებობს. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია გარკვეული კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა…
ამ დროისთვის ბევრი ფაქტი არ გვაქვს, ფაქტები უნდა დაზუსტდეს ოფიციალური გამოძიების დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.
ბოლო დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.