ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„პირველად დახმარება გაგვიწიეს ონელმა ბიჭებმა და შემდეგ მოჰყვა სამაშველო და ვერტმფრენი“ – სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ გამოძიებას ჩვენება მისცა

შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ონის პოლიციის განყოფილებაში გამართულ დაკითხვაზე ისაუბრა.

„3 აგვისტოს შესახებ იყო ძირითადად საუბარი; რაც თვალით დავინახე და რა ისტორიაც გადახდა ჩემს ოჯახს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს…

ვინ დავინახე და რა ისტორია გადამხდა თავს – ეს კითხვები იყო და ამის მიხედვით ვსაუბრობდით. ის 4 საათი, რაც მეწყერში გავატარეთ და ონელი ბიჭების დახმარება ისე მოვყევი, როგორც მოხდა. პირველად დახმარება გაგვიწიეს ონელმა ბიჭებმა და შემდეგ მოჰყვა სამაშველო და ვერტმფრენი.
რაც ჩემი თვალით დავინახე, ონელმა ბიჭებმა გამოგვიყვანეს და 4 აგვისტოდან მაშველები არ გაჩერებულან, ეძებდნენ ყველას.
ყველას გამოკითხვა სავალდებულოაო და დღეს იყო ჩემი და დაბარებული, შეუძლოთ არის და ალბათ, ხვალ მივალთ.
შუა მეწყერში ვიყავით 15 ადამიანი და ესენი გამოგვიყვანეს მეწყრიდან ონელმა ბიჭებმა, თითქმის გამოსულები ვიყავით მეწყრიდან, ვერტმფრენიც დაჯდა მაგ დროს და შემდეგ მაშველებიც მოვიდნენ.
მეწყერი ისე სწრაფად მოდიოდა, რომ ვინც გადარჩა – გადარჩა, ვინც არა და დაიღუპა ეგრევე. ვინც გამოაღწია, თავის ბრძოლით გამოვიდა.
არ ვიცი, იყო თუ არა ისეთი ადამიანი, ვინც მეწყერში იყო დიდი ხნის განმავლობაში ჩაფლული და ვერ ამოდიოდა და მაშველმა ამოიყვანა, არ ვიცი,“ – განაცხადა ჯელაძემ.

შეგახსენებთ, დავით ჯელაძე ის ადამიანია, რომელმაც მეწყერში დაღუპვისაგან თავისი დისშვილიც იხსნა. შემდგომ მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ე.წ. „გაშავების“ კამპანია ააგორეს, თუმცა საბოლოოდ, პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, და სხვა წევრებმა სინანული გამოხატეს გაკეთებული განცხადებების გამო.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დრომდე აღმოჩენილია 28 ცხედარი, 4 დაკარგულს ჯერ კიდევ ეძებენ.

იტვირთბა....