ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა “სანსეტ შოვის” მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ” – მდინარაძე

დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა “სანსეტ შოვის” მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა – ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“უმარტივესი ლოგიკაა, ვივარაუდოთ და ამბის გადამოწმებითაც ეს დასტურდება, რომ დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა “სანსეტ შოვის” მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, რაც ასევე ურთულესი და წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტია და თავად ყვება, რომ მან ეს მოახერხა და უკანაც დაბრუნდა.
ვინც შოვი იცის, საუბარია ე. წ. “ვარდისფერი სახლის” მიმდებარე ტერიტორიაზე.
ეს, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ოდნავ ზემოთაც კი, ანუ იმ ადგილებში, სადაც ტალახის სიმაღლე ადამიანის სიმაღლესაც კი ჭარბობდა.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათ მოუწიათ იმ ადგილის გადავლა, სადაც ქვედა მხარეს პირველ ტალღად წამოსული შედარებით მყარი მასა იყო, რის გამოც, ღვთის წყალობით, ისინი ბოლომდე არ ჩაეფლნენ ტალახში და გადარჩნენ.
ძალიან სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ვინც უშუალოდ ასეთ ადგილას იმყოფებოდა სტიქიის დროს და არა განაპირა ადგილებში, რამდენიმემეტრიანი, ძალიან სწრაფად და რამდენიმე ტალღად, წამების ინტერვალში, წამოსული მეწყრისგან თავის დაღწევა მათ ვერ შეძლეს.
მოკლედ, ზოგიერთების მავნებლობის გამო, ისეთ დეტალებზე საუბარიც გვიწევს, რომელზეც პირველ დღეებში უბრალოდ ვერავინ ილაპარაკებდა.
სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით. მანიპულაციებს, რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა…
ასეთ დროს ხდება-ხოლმე გაერთიანება, ტრაგედიის შედეგების აღმოფხვრაზე კონცენტრირება, თუმცა ჩანს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე პოლიტიკური დივიდენდებისთვის უკადრებელი იკადრონ.
მათ შევახსენებ, როგორც წესი, განსაკუთრებით გამორჩეული ერთეულების გარდა, პოლიტიკოსები ხალხს მალე ვავიწყდებით, ხოლო გმირობის და სიკეთის სამაგალითო ისტორიები საუკუნეებს უძლებს!” – წერს მდინარაძე.

იტვირთბა....