სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეშის ამოღება, ვეტერინარული ზედამხედველობით შესაბამის ორმოში განთავსება და დეზინფექცია ხდება, ხოლო პრევენციის მიზნით მასალები შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, რეგიონში ინფექციური დაავადების გავრცელება მოსალოდნელი არ არის.
„სტიქიის ზონაში დაფიქსირდა რამდენიმე ერთეული მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, რომლებიც მეწყერსაშიში ზონიდან არიან გამოტანილი და მოხვდნენ მდინარის ხეობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახური ახორციელებს ამ ცხოველების ლეშის ამოღებას და შესაბამის ორმოში განთავსებას ვეტერინარიული ზედამხედველობის ქვეშ. იქ უკეთებენ დეზინფექციას. პრევენციის მიზნით ვიღებთ 10 მასალას ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. რეგიონი სუფთაა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართ. არაა რაიმე სახის დაავადების კერა, არ გამოიხატება დაავადების მიმართ რაიმე სახის დამახასიათებელი კერა, მაგრამ ჩვენ პრევენციის მიზნით მაინც ვიღებთ და ვაგზავნით ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. არ არის დიდი რაოდენობით, ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ამასაც მაინც სანიტარული ნორმების დაცვით უნდა ამოღება და განთავსება. მეპატრონეებთან გვქონდა გასაუბრება და როგორც გვეუბნებიან, დიდი რაოდენობით არაა, ერთეული შემთხვევებია, შეიძლება, სამი, მაქსიმუმ, ხუთი იყოს დაკარგული. აბსოლუტურად არ ახასიათებთ არცერთი სახის დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. სტიქიის ზონაში არიან დაზიანებული, დამხრჩვალი და შემდეგ უკვე მოხვედნენ მდინარეში“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, გაბრიელ ჩიკვაიძემ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი