ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„შორს დაუბანელი ხელები აბანოებისგან!“ – „მეტრონომის“ რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან (ფოტოები)

თბილისის გოგირდის აბანოების ყოფნა-არყოფნის საკითხი დღითიდღე მწვავდება – დღეს, აბანოთუბნის ექვსმა აბანოს მეპატრონემ საპროტესტო აქცია გამართა: შპს „ბახმარო“, შპს „ჯორჯიან სპა“, შპს „შაკო“, შპს „ჭრელი აბანო“ და შპს „ნარიყალა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს აბანოების გადარჩენის თხოვნით მიმართავენ.

როგორც აბანოს მეპატრონეები აცხადებენ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, როგორც ქ. თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ლიცენზიანტი, აბანოების შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს, აბანოს ფუნქციონირებისას მოხმარებული წყლის გადასახადთან ერთად, გოგირდის გეოთერმული წყლების მოხმარების შედეგად საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის ღირებულებას სთხოვს. ხსენებულმა კომპანიამ აღნიშნული მომსახურების საფასური შეცვალა და 1 კუბურ მეტრზე 0.84488 თეთრი, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი დააწესა.

„იძულებულნი ვართ, მივმართოთ უკიდურეს ზომებს, რადგან შესაბამისი უწყებებისადმი ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება და თბილისის გოგირდის აბანოების ყოფნა-არყოფნის საკითხი დღითიდღე მწვავდება.

IMG_7592

კომპანია „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი გამოიყენა და აბანოებს დაღვრილი წყლის გატარება-გაწმენდის გადასახადი გაუათმაგა. თითქმის ერთი-წელია, აღნიშნულ კომპანიებთან შეხვედრას და საკითხის მოგვარებას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი ბოლო შანსი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების, კანონმდებლების, დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის ჩართვაა და კვლავ გვაქვს იმედი, რომ პრობლემა თბილისის სასარგებლოდ გადაწყდება“- ნათქვამია აბანოების მეპატრონეების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ისინი ამბობენ, რომ გოგირდის გეოთერმული წყლები წამოადგენს თვითმდენ მიწისქვეშა წყალს და დღე-ღამის განმავლობაში ჭაბურღილიდან თვითდენით გამოედინება დაახლოებით 1000 კუბური მეტრის ოდენობით.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, წყლის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია თვითმდენი საბადოს, თუნდაც დროებით დაკეტვა. გოგირდის წყალი აგრესიული წყლების კატეგორიას განეკუთვნება და ჭაბურღილის გადაკეტვა  საბადოს ამოხეთქვას, დებეტების შემცირებას, ან საბოლოოდ დაკარგვას გამოიწვევს.

აქციაზე აბანოების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მომხმარებლებიც.

„მეტრონომთან“ საუბრისას ჭრელი აბანოს კომერციულმა დირექტორმა გურამ თედიაშვილმა განაცხადა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ აღნიშნული ვითარება 2015 წლის თებერვლიდან შეიცვალა, აქამდე აბანოები ჩვეულებრივ, ფიქსირებულ გადასახადს იხდიდნენ.

IMG_7594

„გადასახადი 10-ჯერ 12-ჯერ გაიზარდა, ამ გაზრდილ ტარიფებს ვერცერთი აბანო ვერ გაწვდება.  ყავს თუ არა მომხარებელი აბანოს, ეს წყალი მაინც იღვრება, ამიტომ რაღაც მაქსიმალური ტარიფის დაწესება ჩემი აზრით, უაზრობაა. რაღაც ოქროს შუალედი უნდა გამოინახოს. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამ საქმეში და რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. არ ვამბობთ, რომ არ გადავიხდით, გადავიხდით, როცა გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რის გადახდასაც აბანოები შეძლებენ და მოემსახურებიან თავის მომხმარებლებსავ“- განაცხადა გურამ თედიაშვილმა, ჭრელი აბანოს კომერციულმა დირექტორმა.

როგორც „მეხუთე აბანოს“ ადმინისტრატორმა, მაია რუდენკომ „მეტრონომს“ განუცხადა, აბანოების დახურვის შემთხვევაში 150 ოჯახი სამუშაოს გარეშე რჩება, გარდა ამისა, ზარალდება აბანოს ის მომხმარებელიც, რომელსაც საცხოვრებელ სახლში შესაბამისი საბანაო პირობები არ გააჩნია.

IMG_7626

„სადღაც 150 ოჯახი სამუშაოს გარეშე რჩება, ეს ხალხისთვის ყველაზე პირველი სატკივარია. რა უნდა გააკეთოს ხალხმა? აქ საუბარია არა მხოლოდ აბანოს თანამშრომლებზე, არამედ მოსახლეობაზეც, ვისაც საბანაო პირობები არ აქვს, მოდიან და აბანოთი სარგებლობენ. ჩვენთვის მიუღებელია, რასაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აკეთებს. მომავალში თუ საჭირო გახდება გზასაც გადავკეტავთ, მერიასთანაც წავალთ და რაც საჭიროა იმას ვიზამთ“- განაცხადა მაია რუდენკომ, „მეხუთე აბანოს“ ადმინისტრატორმა.

აბანოს ერთ-ერთი მომხმარებელი კი ამბობს, რომ მათი დახურვის შემთხვევაში, ხალხი საზოგადოებრივი საბანაო ადგილების გარეშე რჩება.

„მთელი ქალაქი აქ დავდივართ, მოხუცი ადამიანები ვართ, სად წავიდეთ? ვინმე უცნობს ხომ არ ვთხოვთ, რომ აბანოში შეგვიშვან? მარტო ეს არის ორთაჭალაში აბანო. ჩვენ საბანაოდ აქ ვაშლიჯვრიდან მოვდივართ. მთავრობას ვთხოვთ, რომ ჩაერიონ ამ დავაში და საზოგადოება აბანოს გარეშე არ დაგვტოვონ“- აღნიშნა „მეტრონომთან“ ზეინაბ ალიევმა.

IMG_7602

„მეტრონომი“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მათ ამ თემაზე თავიანთი პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვთ და დღეის აქციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე თავს იკავებენ.

მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდნენ, რომ ამ ორგანიზაციებმა გადასახადი იმავე ტარიფით უნდა გადაიხადონ, რაც სემეკის მიერაა დაწესებული.

“ამ ორგანიზაციებმა გადასახადი უნდა გადაიხადონ იმავე ტარიფით, რაც დაწესებულია სემეკის მიერ და რასაც იხდის ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი დედაქალაქში, მით უმეტეს, რომ ტარიფი თბილისში გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებში. კომპანიის მენეჯმენტის აზრით, აბანოებისთვის ადრე ზეპირსიტყვიერად დაწესებული ტარიფი დღეს ადეკვატური აღარ არის და ისინი სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს დანარჩენი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მსგავსად უნდა დაემორჩილონ”, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

აბანოს მეპატრონეები კი განმარტავენ, რომ თუ პრობლემა ერთი კვირის ვადაში არ გადაწყდება, 17 მარტიდან იძულებულნი გახდებიან, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართონ – შეაჩერონ აბანოების მუშობა, გამართონ პერმანენტული საპროტესტო აქციები და ამით საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ – „ქვეყნისთვის საამაყო ისტორიულ ძეგლს სახელმწიფოსგან შველა სჭირდება“- აცხადებენ ისინი.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....