ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ეჭვმიტანილი ქალი მინისტრები და შოთაძის შერჩევითი სამართალი

არის თუ არა მთავარი პროკურატურა და პროკურორი დამოუკიდებელი?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, მასზე ზეწოლის ახალი ტალღა დაიწყოს და უცხოეთიდან მისი საუბრების ფარული ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნოს.

„როგორც გუშინ შემატყობინა კონფიდენციალურმა წყარომ, აპირებენ ჩემს შესახებ რაღაც უღირსს გამონათქვამებს ვხმარობ, თუ რაღაც სხვა სახის ფოტო და ვიდო მასალის გამოქვეყნებას. როგორც გავიგე, ამას ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და უკეთ გამოაჩენს ამათ სახეს. თუმცა, რა კადრებიც არ უნდა იყოს, სასამართლო გააგრძელებს კანონითა და კონსტიტუციით ხელმძღვანელობას. ჩემი ინფორმაციით, ამ მასალის გამოქვეყნება საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ყოყმანობენ, რადგან მარტო ამ ქალბატონის აზრს არ ეყდნობიან და გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვთ. იმედია, არ გამოქვეყნდება, თუმცა რომც გამოქვეყნდეს სასამართლო მაინც გააგრძელებს თავისუფალ რეჟიმში მუშაობას.“ – აცხადებს პაპუაშვილი.

თავად „ქალბატონი მინისტრი“ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ პაპუაშვილის განცხადებები იმ დაბალ ქულებს უკავშირდება, რითაც ის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეაფასა.

„ბატონი გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს. მე მას დავუწერე დაბალი ქულა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ მან მოიგონოს ახალ-ახლი ამბები და საზოგადოებას მოუყვეს ზღაპრები. ეს მისი უფლებაა. მე მესმის, რომ მას მალე უმთავრდება მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოში, მე მესმის, რომ მას ძალიან უნდა იყოს სტრასბურგში მოსამართლე, მაგრამ მე რომც არ დამეწერა მისთვის დაბალი ქულა, კომისიის ყველა წევრმა ერთის გამოკლებით მას დაუწერა ძალიან დაბალი ქულა. ბატონი პაპუაშვილისთვის, რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე – ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია არ მაქვს და არ აქვს არც ხელისუფლების რომელიმე წევრს. მას როგორც ჩანს, აწუხებს წარსულის აჩრდილები – თუ მას წინა ხელისუფლების დროს ვინმემ რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ერთადერთი გვქონდა საკონკურსო ქულები, რომლებიც მისთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს“. – აცხადებს წულუკიანი.

პაპუაშვილის განცხადებას ბუნებრივად მოჰყვა პოლიტიკოსთა მხრიდან შეფასებები. „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარებული ლიდერი გიგა ბოკერია ტრადიციულად მკაცრი იყო შეფასებებში და ტრადიციულად არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავიწყებია.

„ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის დროსაც, როგორც გაირკვა, უკონტროლობა სპეცსამსახურის იმ ნაწილებისა, ვინც თვალთვალს ახორციელებდა, სიბინძურეც იყო პირადი ცხოვრების ჩანაწერები, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის მოსვლის შემდეგ, არა თუ გაუმჯობესდა ვითარება, კატასტროფულად გაუარესდა. პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟირება ღიად, საჯაროდ ხდება, ან ივანიშვილის რეჟიმისთვის არასასურველი ფიგურების პირადი ცხოვრების ჩანაწერების ფაქტორით“. – აცხადებს ბოკერია.

„მეტრონომი“ შეეცადა „ქართული ოცნების“ წევრებთან დაკავშირებას. მცდელობის მიუხედავად, მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

დღეს დაგეგმილია პოლიტსაბჭოს სხდომა. სავარაუდოდ იქ გაჟღერდება ავლაბრის სასახლიდან წამოსული დირექტივები და რამდენიმე თვის სამოქმედო გეგმა.  სავარაუდოდ მმართველი კოალიცია მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს სასამართლოს უკვე მეორე თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ აშკარა დევნაზე.

დაინტერესდება თუ არა საქართველოს პროკურატურა პაპუაშვილის განცხადებით? ამ კითხვით პროკურატურას დავუკავშირდით. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ეკა ჩიჩუა დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოგვაწვდიდა. თუმცა, მოგვიანებით მან ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

თუ პროკურატურა იძიებს საგარეჯოს არჩევნებზე არსებულ შესაძლო დარღვევებს და პოლიტიკურ წრეებში თავად მინისტრი თინა ხიდაშელის ბრალეულობაზე საუბრობენ, რატომ არ უნდა მოხდეს პაპუაშვილის საქმით დაინტერესება?

მთავარი პროკურორი შოთაძე აშკარად „დაუნდობელი“ აღმოჩნდა მაშინ, როცა საქმე რესპუბლიკელ ხიდაშელს შეეხო. პოლიტიკური კუთხით, აქ ერთი დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება, თუმცა ეს სხვა თემაა. რა თქმა უნდა, ყველა საჭირო საქმეზე, თუკი სადმე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არის კანონდარღვევა, უნდა დაიწყოს მოკვლევა, მაგრამ არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი. პაპუაშვილის ბრალდებებიც თეა წულუკიანის მისამართით, არაა ყურადღების მიღმა დასატოვებელი. მითუმეტეს, როცა საზოგადოებაში არსებობს სერიოზული ინტერესი პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებაზე.

შოთაძის მთავარ პროკურორად მოსვლის შემდეგ ისედაც საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია საზოგადოებაში. მისი მხრიდან არაადექვატურ მოქმედებებზე უკვე რამდენჯერმე დაიწერა კიდეც „მეტრონომში“. ეს უკვე ახალი საქმეა. იმედია, მომავალში მინისტრ ქალებს შორის შერჩევითი სამართლის ნიშნები აღარ წამოიწევს წინა პლანზე, რომელზეც პასუხისმგებლობა პროკურატურას და პირველ რიგში, პირადად შოთაძეს დეკისრება. იმედია, მომავალში აღარ გაჩნდება მედიაში და ზოგადად საზოგადოებაში გონივრული ეჭვი, რომ საქართველოში მთავარი პროკურატურა ვერ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და რომ მას დღეს, არაპროფესიონალები მართავენ.

 

მარიამ ვარადაშვილი

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....