ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სამართალი

13 საწარმო გამოავლინეს: ბიუჯეტს 1 880 000 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა

„გამოვლენილია ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული 1 880 000 ლარის ოდენობის ზიანი“ – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ, არსებული საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო კონტროლის ღონისძიების – ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, სისტემატურად ხდებოდა ახალი საწარმოების რეგისტრაცია მათი ოჯახის წევრებზე და სხვა მათთან დაკავშირებული პირების სახელზე.

რის შემდეგადაც, დაჯარიმებული საწარმოების ხელმძღვანელები ახლადდაფუძნებული საწარმოებით აგრძელებდნენ იგივე ბიზნეს-საქმიანობას და საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას, რითაც სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ბიუჯეტში მიმართულიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხა.

უკვე გამოვლენილია აღნიშნული გზით საწარმოების ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული 1 880 000 ლარის ოდენობის ზიანი. ინტენსიურად გრძელდება გამოძება სხვა საწარმოების ხელმძღვანელი პირების დადგენა-მხილების მიზნით, რომლებიც ანალოგიური სქემით აყენებენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტს,”– ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც  ქონების გადამალვას მოჩვენებითი ან/და თღვალთმაქცური გარიგებით გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით გულისხმობს.

იტვირთბა....