დღეს საქართველოს ეკონომიკა ბანკების კონტროლის ქვეშ არის – ამ განცხადებას ბიზნესმენი თემურ ჭყონია აკეთებს.
„საბანკო სექტორს აქვს ყველანაირი ინფორმაცია, მაგალითად, ვის რამდენი აქვს ხელფასი, რამდენი ადამიანი მუშაობს და ასე შემდეგ. ეს რეალური კონტროლია,“– ამბობს ჭყონია. რაც შეეხება ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობას, ჭყონია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ამაზე ხშირად მიდის საუბრები და საფუძვლიანადაც, რადგან ბანკებს რეალურად გამიჯნული არ აქვთ არაპროფილური აქტივები.
„როდესაც დეველოპერული კომპანიები საუბრობენ იმაზე, რომ საბანკო სექტორი მშენებლობაშია ჩართული, სწორია. მართალს ამბობენ. მიმაჩნია, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ბანკები ბიზნესთან ურთიერთობაში ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, აქედან გამომდინარე, ზედმეტად, არაპროფილურ ბიზნესში ჩართვა არასწორია”-აცხადებს ჭყონია.
მიუხედავად ამისა, ბიზნესმენის განცხადებით, უშუალოდ მის ბიზნესს ბანკებთან ნორმალური და უპრობლემო ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, ერთერთი სერიოზული თემა, რაც საქართველოში სწორად ჩამოყალიბდა, სწორედ საბანკო სექტორი.
„ბანკების გარეშე ბიზნესის განვითარება შეულებელია, ეს მათ ძალიან კარგად იციან. აქედან გამომდინარე,ბიზნესი და ბანკები გადახლართულია ერთმანეთთან იმ გაგებით, რომ სწორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ. შედეგიც სერიოზული იქნება”-აცხადებს ჭყონია.
წყარო: „კომერსანტი“