როდესაც არჩევნების გაყალბებას აბრალებენ ჯარს, ეს მხოლოდ თინა ხიდაშელს არ ეხება და არ შემიძლია ამ საკითხზე თვალი დავხუჭო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
“ასიათასჯერ როდესაც გაგცემენ პასუხს, მოგიტანენ დოკუმენტს, ატვირთავენ საჯარო სივრცეში ამ დოკუმენტებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია წაიკითხოს, ჩაიხედოს, გაიგოს და მაინც იგივეს იმეორებ, უკვე ძალიან სასაცილო ხარ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სასაცილო ხარ – შენი პრობლემაა, მაგრამ ჯარს არ უნდა შეეხო.
კიდევ უფრო მძიმე იცით რა არის? ის ბიჭები რომ არ არიან ცხვრები, ეს მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ დამტკიცებული თავიანთი სამხედრო კარიერის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სწორედ ეს ბიჭები, ქართველი სამხედროები ცხვრები გონია, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია აქვთ. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ჯარზე, ალბათ ყველაზე უფრო ღირსეულზე, რაც კი ამ ქვეყანაში ამ 25 წელში გადარჩა და დღემდე მოვიდა, ასე ილაპარაკონ, როგორც ისინი ლაპარაკობენ”. – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელს არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.