ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მამუკა ახვლედიანი კლანურ დაჯგუფებაზე საუბრობს და დიპლომატებს მიმართავს

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან გამართა, რომელსაც „მეტრონომის“ ჟურნალისტი ესწრებოდა. ახვლედიანის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება, მისი გადაყენების შესახებ, დარვევებით მიიღო. ამიტომაც ის საბჭოს უჩივლებს.

მან ღია წერილიც წარმოადგინა, რომელიც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით დაწერა.

IMG_7105

როგორც წერილში ახვლედიანი განმარტავს, როდესაც ის 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ამ პერიოდში სასამართლო სისტემის შიგნით ჩამოყალიბდა მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანიც სისტემის მართვას, სასამართლოს მათთვის მისაღები კადრებით დაკომპლექტებას და იმ ღონისძიებების გატარებას წარმოადგენდა, რომელიც სისტემაში ამ ჯგუფის პოზიციებს გააძლიერებდა. მისი თქმით, ამ ჯგუფის ხელში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა აღმოჩნდა, როგორიცაა მოსამართლეების შერჩევა, დანიშვნა, დაწინაურება, რითაც ფასადური გახდა საკვალიფიკაციო გამოცდები და მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი.

ახვლედიანი ასევე ამბობს, რომ კლანური დაჯგუფების წევრობა მათი მხრიდან ავტომატურად მოითხოვს მწვავე კრიტიკას, აგრესიულ ქმედებებს და განსხვავებული აზრის დევნას.

 

მისი ძირითადი მესიჯი არის ის, რომ მის მიერ გაკეთებული საწინააღმდეგო აზრის გაჟღერების გამო ის გახდა დევნის სუბიექტი და ამბობს, რომ საერთო სასამსართლოში არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, მით უფრო უარყოფითი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის გადაწყვეტილებების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია ბერკეტი რომ განსხვავებული აზრს დევნის მიზნით დასაჯოს მოსამართლე.

„კარგად ვაცნობიერებდი და ფაქტობრივად დადასტურდა, თუ რა დევნის სუბიექტიც ავხდებოდი ამ განცხადებების გამო. იმ ინფორმაციის გამჟღავნების გამო, რომელსაც ვფლობ  და რომელსაც, მტკიცებულებების შეგროვების დასრულებისთანავე წარვუდგენ საზოგადოებას არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახი, ახლობლები და ის პირები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ განცხადებებს. თუმცა, დღესაც რომ იმავე არჩევანის წინაშე დავდგე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი რაც მივიღე ჩემი სინდისისა და ღირსების, ხოლო შემდეგ მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი ვალდებულებების წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გამო“ – აცხადებს ახვლედიანი.

მან ასევე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ მის მიმართ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება და გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით, რაც საბოლოოდ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა.

„საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ თვითონ იკვლევდა გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნების ფაქტებს და მოკვლეულ მასალებს გაასაჯაროებდა. ამ ტიპის მოკვლევის წარმოების უფლება არ ჰქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, მან გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, შეიჭრა საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე პირადად იბარებდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებსაც და კაზუსებსაც, ამასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და ორივე მათგანი, უშუალოდ მონაწილეობდნენ მთელ საგამოცდო პროცესში“ – განაცხადა ახვლედიანმა.

IMG_7116

„ტერმინი – მოკვლევა, მგონი, შევარდნაძის ბოლო წლებშიც აღარ იყო ეს სიტყვა. ჩემთვის გასაკვირია, როდესაც საბჭოს მდივანი, რომელიც არის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, თვითონვე ახდენს თავის კომისიაში, კომისიის გარეშე ე.წ. მოკვლევას და შემდგომ კაცმა არ იცის რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში. როგორ გამოარკვია ეს საკითხები, როდესაც ამ საკითხში ჩართულია სასამართლო სისტემის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოკითხა ეს ხალხი, თუ როგორ გაიგო, რომ არავინ არის ჩართული ამ საკითხებში,“ – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანი ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველო, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შედგება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე.

„სასამართლო ეკუთვნის ხალხს, მოსამართლეც ამ საზოგადოების ნაწილია და მისი არჩევა, დანიშვნა და დაწინაურება, ასევე თანამდებობიდან გადაყენების პროცესი, თვალნათელი უნდა იყოს და არა მხოლოდ მოსამართლეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება. სასამართლო ხელისუფლების მაღალ სტანდარტებს ძირითადად უზრუნველყოფს სამართლებრივი გარემო. მხარდაჭერა სჭირდება არა ერთ-ერთ რიგით მოქალაქე მამუკა ახვლედიანს, არამედ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მარლმსაჯულების და შესაბამისად, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველს წარმოადგენს”, – აღნიშნულია მამუკა ახვლედიანის ღია წერილში.

ის მოითხოვს ამ საქმის გამოძიებას საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ. ახვლედიანი ამბობს, რომ ამის საჭიროებას ისიც ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეფუთა ეს ფაქტი, როგორც კონფიდენციალური ინფორმაცია და რამდენიმე თვის განმავლობაში დუმდა მომხდართან დაკავშირებით. ის ამ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს. თავის მხრივ კი არასამთვრობოებიც ახვლედიანის გადაყენებას უკანონო ქმედებას უწოდებენ და მის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ.

IMG_7118

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, განსხვავებული აზრი არ უნდა იდევნებოდეს და ასევე, ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უუნაროდ მიიჩნევენ.  მოგვიანებით კი თავიანთი პოზიციის წერილობით დაფიქსირებას აპირებენ.

როგორც ახვლედიანმა „მეტრონომთან“ საუბრში აღნიშნა, ეს მერე გამოჩნდება ვის რა მიზანი ჰქონდა მისი გადაყენებით. ის ამბობს, როცა ზოგიერთი მოსამართლე ემიჯნება მამუკა ახვლედიანის განცხადებას, მისთვის გაუგებარია რას ემიჯნებიან ისინი, თუკი ისინი მის განცხადებებს ეთანხმებიან.

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა. მის მოვალეობას გიორგი ებანოიძე შეასრულებს, რომელიც უხელმძღვანელებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასაც, ხოლო სისხლის სამართლის კოლეგიას უხელმძღვანელებს ეკა არეშიძე.

IMG_7140

ახვლედიანის გადაყენებას იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი ერთის წინააღმდეგ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი,  ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელმაც ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებას არ დაუჭირა მხარი, აცხადებს, რომ  იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ სადისციპლინო კოლეგიის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება და თანაც ისე, რომ არ მოისმინა მამუკა ახვლედიანის მოსაზრებები.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....