ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელჩების დანიშვნის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია პროცესზე – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტს ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.

ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე გამოეხმაურა „ელჩების კონფერენციაზე“ მის არ დასწრების საკითხს. მათი თქმით, პრეზიდენტს ღონისძიების მასპინძლის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შეუსაბამო ადგილი განესაზღვრა.

„დღეს გაიხსნა ელჩების კონფერენცია. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამბასადორიალის მონაწილეებს, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ურთულესი გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის და ყველა ქართველ დიპლომატს წარმატებულ ახალ 2023 წელს უსურვებს.

საქართველოს პრეზიდენტისთვის ამბასადორიალი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობებში. აღნიშნულის მიუხედავად, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....