„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია საქართველოში არსებულ პოლარიზაციის პრობლემას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სერიოზულად უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, ვინ რას თმობს.
„სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვამთავრებთ ამ 10-წლიან ბრძოლას და ხელს როგორ ართმევს ერთმანეთს „ქოცი“ და „ნაცი“. ევროპაში მოჩხუბრების შეყვანა არავის უნდა – არავის მოუნდება ორი მოჩხუბარი ადამიანის სახლში შემოშვება. ჯერ გარეთ უნდა იჩხუბო, დალაგდე და მერე შეხვიდე სადღაც სტუმრად. ამას გვეუბნებიან და ჩვენ მიხვედრა გვიჭირს. ცოტა ხანი არ არის, რაც ამას გვეუბნებიან დარწმუნებული ვარ, რომ 1 წელი ამასთან დაკავშირებით რაღაცას მოგვცემს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე.
„უნდა განვმარტოთ რას ნიშნავს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. უნდა დაიდოს თუ რა შეიძლება იყოს პოლიტიკურად ამის საფასური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა მაგიდაზე პოლიტიკური შეთავაზების დადებაც – როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ ბევრი რამ შევთავაზეთ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ხელისუფლებასაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, მაგრამ არცერთი მხრიდან არ გვქონია პოზიტიური გამოხმაურება, ამიტომ თავს შევიკავებ პოლიტიკური კონსულტაციებისგან იმ პოლიტიკური მხარეებისთვის, რომელთაც უბრალოდ არ უნდათ რჩევა და უნდათ არსებული სიტუაციის გაგრძელება, თანაც ორივე მხრიდან.
ჩვენ ბევრჯერ გაგვიცია რჩევა – მაგალითად, გამოსავალი იქნებოდა, ეს საქმე რომ გადაეწყვიტა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, სადაც ხალხი გაასამართლებდა მიხეილ სააკაშვილს. ასევე შევთავაზეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, როგორც ვარიანტი. ბევრი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, მაგალითად – 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე თანხმობის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა კამპანიური ხასიათის – დაიდებოდა განცხადება, რომ „ჩვენ, ნაცები, მზად ვართ ამისთვის“ და თქვით პირობა, რა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საპროცესო გარიგების ფასი. ასეთი სერიოზული საუბარი ჯერ არ დაწყებულა და ველოდებით, რომ ცოტა ხანში დაიწყება“ , – აღნიშნა მან.