რეინტეგრაციის მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმებში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს. მისი განცხადებით, რეფერენდუმის მიუხედავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში სტატუს-კვო არ გაუარესდება.
„ასეთი ღონისძიებები არანაირ შედეგებზე არ გადის, გარდა იმისა, რომ შეიძლება, საზოგადოებაში უბრალოდ გამოიწვიოს დამატებითი კითხვები, ვნებათაღელვა, ყურადღების მიპყრობა და, ბუნებრივია, უნდა მივაქციოთ ყურადღება. უნდა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს, მაგრამ შედეგი არ იქნება იმაზე მეტი, რაც დღეს არის. არაფერი არ მოჰყვება ამას,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლის საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს. ეს განცხადება საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა პარლამენტისადმი მიმართვაში გააკეთა.