ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მეტრონომის” ექსკლუზივი: ფარული გარიგება ნიკა მელიასა და “ლელოს” შორის – ახალი ალიანსი, რომელიც ენმ-ს თავმჯდომარეს არჩევნების მოგებისთვის სჭირდება

ორ ბანაკად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. მოქმედ თავმჯდომარეს პარტიის წევრები უმოქმედობაში ადანაშაულებენ, ცდილობენ, ახალი ლიდერით ჩაანაცვლონ ის და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადავიდეს.

თავის მხრივ, ნიკა მელიამ თავმჯდომარის არჩევნები დააანოსა და პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში ხელახლა ჩაერთო. როგორც “მეტრონომისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მელიამ დახმარებისთვის პარტია “ლელოს” მიმართა. ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე “ლელოს” ოფისში მამუკა ხაზარაძესა და დავით უსუფაშვილს შეხვდა და პარტიის შიდა არჩევნების მოგებისთვის ფინანსური დახმარება და “ლელოს” ამომრჩევლის მობილიზება სთხოვა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობის” შიდა არჩევნებში მხარს მოქმედ თავმჯდომარეს დაუჭერს, სანაცვლოდ კი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ხაზარაძე-უსუფაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” სიაში 8 ადგილს დაპირდა. “მეტრონომის” წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული 8 ადგილიდან 3 პირს პირველ ათეულში ჩასვამს, დანარჩენი 5 კი სიის 30-ეულში გადაანაწილებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პარტიის შიდა არჩევნები. პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა და არჩევნების თარიღი სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი.

იტვირთბა....