მეწარმე, რომელიც კომპანიის მოგებას თავად კი არ დაიტოვებს, არამედ ისევ კომპანიის შიგნით ინვესტირებისთვის გამოიყენებს, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. ასე შეიძლება განიმარტოს ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების თაობაზე, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეყრდნობა და ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტი მოგების გადასახადის რეორგანიზებას ითვალისწინებს, რაც მოგების გადასახადის განაწილებული მოგების გადასახადით შეცვლას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ კომპანია მოგებას არ გაანაწილებს, არ გამოიყენებს მას დივიდენდების გასაცემად და მის სრულ ინვესტირებას მოახდენს კომპანიის შიგნით, გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან.
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები არ გავრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებზე.
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის “თიბისი” ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მოგების რეფორმის სისტემაში საბანკო სექტორი უნდა გამონაკლისი იყოს და ესტონური მოდელის ამ შეღავათით ბანკებმაც უნდა ისარგებლონ.
“პირველ რიგში ვფიქრობთ, რომ ცვლილება, რომელსაც მთავრობა ახორციელებს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საბანკო სექტორის უნდა იყოს ჩართული და საამისოდ ორი არგუმენტი არსებობს: ერთი, რომ პრეცედენტულად არასწორი იქნება თუ ესტონურ მოდელს თუ ვამბობთ – აქედან ბანკები გამოვრთოთ, მეორე კი ბანკები და საბანკო სექტორი არის ისეთი სფერო, სადაც უამრავი უცხოელი ინვესტორია”. – აცხადებს ბუცხრიკიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ეკონომიკური ექსპერტი გივი ადეიშვილი “მეტრონომთან” საუბარში დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიების მოგების გადასახადისგან გათავისუფლება საქართველოს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონით დააზარალებს, რაც მოკლევადიან პერიოდში კარკვეულ პრობლემებს შეუქმნის იმ სფეროებს, რომლებიც სახელმწიფოსგან სუფსიდიის სახით ფინანსდებიან.
“აღნიშნული რეფორმა ძალიან კარგია ეკონომიკისთვის, ვინაიდან ხელს შეუწყობს კომპანიებს რეინვესტიციები განახორციელონ, მოახდინონ შემდგომში ფინანსურ რესურსებზე საპროცენტო ხარჯების შემცირება, რაც დღეს კომპანიებს არ აქვთ, ისინი იბეგრებიან. მოგების გადასახადის შემცირება მათ საშუალებას მისცემთ თანხები დაზოგონ. ყველაფერი ეს გრძელვადიან პერიოდში დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა აღნიშნული მოგების გადასახადის გაუქმება კომერციული ბანკებისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობდა ფინანსური რესურების უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთით გაცემას, რაც აისახებოდა მოსახლეობაზეც, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოგების გადასახადის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს გარკვეული თანხები შედის, რაც ხმარდება სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს. ამ მოგების გადასახადის გაუქმებით, დაახლოებით 400 მლნ დანაკლისს ვარაუდობენ ბიუჯეტში. შესაძლებელია მომავალში დაწესდეს შეღავათი ფინანსური სექტორისათვის, როდესაც მოხდება ამ პროგრამის ეფექტის შემდგომი განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე მთავრობამ თავიდან აირიდა უფრო დიდი დანაკლისი, რათა კიდევ უფრო არ გაეზარდა ეს დანაკლისები”. – აცხადებს ადეიშვილი.
საბანკო სფერო და “თიბისი” ბანკი ინვესტორების ფაქტორით აპელირებს, როდესაც ესტონურ მოდელში კომერციული ბანკების ჩართვასაც მოითხოვენ.
“რთული იქნება ჩვენთვის ინვესტორისთვის ავხსნათ, თუ რატომ არის ქართული ბანკები ამოვარდნილი ამ სისტემიდან. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს რამდენად შესაძლოა მან მატერილური სარგებლი მოიტანოს, ან რამდენად შესაძლოა იმოქმედოს ამან ინვესტორზე, ვფიქრობთ, მეორე საკითხი გადაწონის. „თიბისის“ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს სტრატეგიაში განსაზღვული გვაქვს, რომ ჩვენი მოგების მინიმუმ 25% დივიდენდად დავაბრუნოთ, აქედან გამომდინარ,ე როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ 25%-ის დარიგებას, ანუ თუ ბანკები შევლენ ამ სისტემაში მაინც 25%-ს გადავიხდით, რადგან ჩვენი სტრატეგია არ შეიცვლება”. – აცხადებს ბუცხრიკიძე.
“მეტრონომი” საქართველოს ონლაინ, არასაბანკო საკრედიტო ასაციაციის აღმასრულებელ თავმჯდომარეს დავით კიკვაძეს ესაუბრა. კიკვიძე მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადისგან ყველა სფერო უნდა გათავისუფლდეს.
“მოგების გადასახადის გაუქმება მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რათა ბიზნესი განვითარდეს. კანონმდებლობის მიხედვით, მეწარმე, რომელიც მოგებას მიიღებს და ამ მოგებას ისევ ბიზნესში ჩააბრუნებს განთავისუფლდება ყველანაირი გადასახადისგან. მაგრამ… თუ ამ მოგებას აიღებს და საკუთარ ჯიბეში ჩაიდებს, შესაბამისად დაიბეგრება. თუ გვინდა ამ კონცეფციამ ეკონომიკას სარგებელი მოუტანოს, ვთვლი, რომ მოგების გადასახადის გაუქმება ყველა სფეროს უნდა შეეხოს და არა რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას”. – ამბობს კიკვიძე.
რამდენად ახდენენ ქართული კომერციული ბანკები რეინვესტირებას და მოგების გადასახადის შემცირების შემთხვავაში, საფინანსო სფერო რეალურად გაუმჯობესდება თუ არა?
“საზოგადოება და ბანკების” ეკონომისტი ამბობს, რომ საკუთარი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებით, ყველა უნდა იყოს დაინტერესებული.
“ნებისმიერი განვითარებული ბიზნესი ზრუნავს იმაზე, რომ მოახდინოს რეინვესტიცია. მათ შორის საბანკო სექტორიც”. -აცხადებს ადეიშვილი.
“მეტრონომთან” საუბარში ეკონომიკური ექსპერტი ლევან კალანდაძე დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას მოგების გადასახადის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით. კალანდაძე ფიქრობს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა დაინტერესებულია ბიზნესის მდგომარეობით და ცვლილებები, რომლებიც საგადასახადო კოდექსში შევიდა ამ სფეროს სტიმულირებას უზრუნველყოფს.
“ის, რომ მთავრობამ ამ თემაზე საუბარი დაიწყო ძალიან კარგია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შეტანილი იქნა კარდინალური, კონცეპტუალური ცვლილებები კოდექსში აქამდე არ განხორციელებულა. კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ ზოგადად შეიცვალა დამოკიდებულება ბიზნესისადმი. ეს თითოეულ მესიჯში ჩანს. ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც ბიზნესს წლების განმავლობაში ჰქონდა სხვადასხვა ფორმით დგებოდა მთავრობის წინაშე, ხელისუფლებამ ერთიანი პაკეტის სახით უკვე წარმოადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ცვლილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საგადასახადო შეღავათები ყალიბდება, ან საგადასახადო ტვირთის შემცირება ხდება, არამედ ზოგადად დამოკიდებულება იცვლება ბიზნესისადმი. ბიზნესის განვითარებაზე, ბიზნესის კონფორტზე პოლიტიკური განაცხადი კეთდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება მოგების დაბეგვრის ე.წ ესტონურ მოდელს, ბიზნესს აქვს კაპიტალის ძალიან სერიოზული პრობლემა. თუ ბიზნესი გაუნაწილებელ მოგებას სახლში დივიდენდების სახით არ წაიღებს და ეს არ დაიბეგრება, ეს ნიშნავს, რომ კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ზოგადად ბიზნესში გაიზრდება და ეს შეიძლება მასტიმულირებელ ნაბიჯად ჩავთვალოთ, იმისთვის, რომ ბიზნესმა თვითგაფართოებაზე იფიქროს”. – აცხადებს კალანდაძე.
ბიზნესის მოგებისგან გათავისუფლების შემთხვევაში ბიუჯეტის დაახლოებით 400 მილიანიან დანაკლისზე საუბრისას კალანდაძე აცხადებს, რომ მთავრობას აქვს შესაძლებლობა მოკლევადიან პერიოდში დაძლიოს აღნიშნული დანაკლისი. საბანკო სექტორის მოგების გადასახადისგან გათავისუფლების საკითხს ექსპერტი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მეტი მსჯელობაა საჭირო.
“ამ მოდელის განხილვა შესაძლებელია საბანკო და საფინასსო სფეროსთან დაკავშირებითაც. თუმცა, ფინანსებში, ეკონომიკაში გადაწყვეტილებას სანამ მივიღებთ გარკვეული გათვლები და დათვლებია საჭირო. ბუნებრივია, ამ თემაზე შეიძლება საუბარი გარკვეული რისკების შეფასების თვალსაზრისით. მე შემიძლია ვთქვა, რომ აპრიორი საფინანსო სფეროს გარდა, სხვა ბიზნესისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საფინანსო სფეროს, საბანკო სფეროს შეიძლება ამაზე კონსულტაციების დაწყება. გადასახადების შემცირება ამ შემთხვევაში იწვევს დასაბეგრი ბაზრის შემცირებას და დასაბეგრი ბაზრის შემცირება, ბუნებრივია 2017, 2018 და 2019 წლისთვის სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს შემოსავლებს. ეს რისკი, როგორც მოსალოდნელი შედეგი ამ ცვლილებებისა ხელისუფლების მხირდან არის იდენტიფიცირებული და ეს მოულოდნელი არ იქნება და ფინანსთა სამინისტრო როგორც აცხადებს, ის მზად არის ამ გამოწვევისთვის.” – აცხადებს კალანდაძე.
“მეტრონომი” ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ გვინდოდა გაგვეგო რატომ დარჩა საბანკო სფერო ე.წ ესტონური მოდელი მიღმა და გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო კომერციული ბანკების თხოვნას მათაც გააუქმდეთ მოგების გადასახადი.
სამწუხაროდ, სამინისტროსგან რამდენიმე საათიანი მცდელობის მიუხედავად პასუხები ვერ მივიღეთ. თუმცა, დაგვპირდნენ, რომ ახლო მომავალში ისინი მოგვცემენ დეტალურ ინტერვიუს ამ საკითხთან დაკავშირებით.