აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. მას მასპინძლობა პრემიერმა ღარიბაშვილმა გაუწია და მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა თემას, რომელიც ორ მეზობელ ქვეყანას აკავშირებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ ეხებოდა დავით-გარეჯს, რომლის გარშემოც ორი წლის წინ დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ორი კარტოგრაფი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა სამშობლოს ღალატის ბრალდებით სასჯელსაც იხდიდა “საზღვრის არასწორი დემარკაციის” გამო.
ამ ყველაფრის ფონზე, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რატომ არ მოხდა ასეთი მწვავე საკითხის განხილვა იმის ფონზე, როცა დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის წარმოება იყო დაწყებული და ეს თემა წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ წინ წამოწია.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, გარეჯის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ის ფაქტი, რომ დღეს მისი განხილვა არ მოხდა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას:
“გარეჯის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის” , მთელი საქართველოსთვის, მთელი საზოგადოებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ არა მარტო “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის, ზოგადად ყველასთვის, ქრისტიანისთვის თუ არაქრისტიანისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. არის საკითხები, რომელზეც დახურულ კარს მიღმა იყო საუბარი. ძალიან დიდი დანაშაული, რომელიც დაგვიტოვა სააკაშვილმა, გახსოვთ მისი განცხადება, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ფერდობი გადასცა აზერბაიჯანს, მეორე დაუტოვა საქართველოს – ეს იყო დანაშაული. ამ დანაშაულის გადასაფარად „ნაცმოძრაობის“ რუპორი მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები განსაკუთრებით საუბრობენ დავით- გარეჯის თემაზე, გეგონება ვინმეს აღელვებდეს ეს საერთოდ.საგანგებო ვითარებაა შექმნილი, როცა მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და აზერბაიჯანი თავის თავზე ვალდებულებას იღებს, ამ ურთულეს პერიოდში ევროპა მოამარაგოს ენერგორესურსებით. ამ საკითხებზე იყო საუბარი და არც ერთი ეს სტრატეგიული თემა არ არის ყურადღების ქვეშ “ნაცმოძრაობისთვის”. დავით გარეჯაზეც იქნება საუბარი რასაკვირველია, ეს თემა მუდმივია, ეს არის ჩვენი პერმანენტული ტკივილი, რაც სამწუხაროდ, დაგვიტოვა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გარკვეული ტელევიზიები წარმოადგენენ. შეიძლება პრესკონფერენციაზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი”,- განაცხადა ვოლსკიმ.