ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვრიტიშვილისა და მურუსიძის მოსამართლე წევრებად დანიშვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ რბოლაში მათი ჩართვით ოცნებამ უარი თქვა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე.
დეკანოიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სასამართლოს კლანი მართავს:
„კიდევ ერთხელ მყარდება მოცემულობა და ფაქტები, რომ სამწუხაროდ, სასამართლოში არსებობს ძალიან გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ეწოდება კლანი, რაც მათ შორის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე აღინიშნა. ამიტომ მურუსიძე-გვრიტიშვილის ჩართვა ამ რბოლაში, რომელიც რეალურად სამარცხვინოა და ეწინააღმდეგება 12 პუნქტიდან ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას, ესაა დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც არის შეშფოთების საგანი ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უსვამს ხაზს. ამიტომ მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე უნდა ვმსჯელობდეთ და იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიძლება ქვაკუთხედად გადაიქცეს მართლმსაჯულების და სასამართლოს რეფორმის, ამას არ ითვალისწინებს მმართველი გუნდი და ესეც არის დასტური, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურს შეასრულოს 12-დან არც ერთი რეკომენდაცია,” – განაცხადა დეკანოიძემ.