თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, შადრევნის რეაბილიტაცია დასრულებული იყო და 26 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მან ერთ-ერთ ჟურნალისტს მიმართა და უთხრა, რომ მედიის წარმომადგენლები არ არიან სიმართლით დაინტერესებულები, მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, როდის გადადგება კალაძე:
„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ.
ამასთან დაკავშირებით მოგეცათ განმარტება, თუმცა გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ. პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კახა კალაძე, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა. არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე.
მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა იყო პრობლემა და მიზეზი, რატიმ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გავიგოთ რა მოხდა. არ მინდა ჩემი რაიმე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას. რაც შეეხება ვახტანგიშვილს, ვახტანგიშვილის ფრაზა ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს ბევრია ხარვეზი და ბევრჯერ ხდება ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება”, – თქვა კალაძემ.