საგადასახადო შემოწმებებს ე.წ. ფინანსური პოლიცია ვეღარ ჩაატარებს და ამის უფლებამოსილება მხოლოდ შემოსავლების სამსახურს ექნება.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ შემოსავლების სამსახური განახორციელებს. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საგადასახადო შემოწმებების პროცესი ერთიან სისიტემაში მოექცევა. ასევე 100 000-მდე კომპანიას და პირს, საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები სრულად ჩამოეწერება.
“საგადასახადო შემოწმებას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ე.წ. ფინანსური პოლიცია, საგადასახადო შემოწმებას აღარ ჩაატარებს. ამას ჩაატარებს მხოლოდ შემოსავლების სამსახური“.- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, ჩამოეწერებათ დავალიანებები, რომლებიც მათ დაუგროვდათ 2011 წლამდე. როგორც ხადურმა განმარტა, ასეთი შეღავათით რამდენიმე კომპანიამ შარშანაც ისარგებლა, შედეგად, მათ დაიწყეს მუშაობა და შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.