თვითმხილველების თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის ბევრ მცხოვრებს, მათ შორის ჩეჩნებს, რომლებიც ქვეყანაში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობენ, საქართველოში არ უშვებენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ზემო ლარსის “ტელეგრამის” ჩატში, რომელიც უკვე 124 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავკასიელებს დაკითხვაზე ცალკე ოთახში აგზავნიან (საუბარია 222 ნომერზე, რაზეც მედია ადრეც საუბრობდა ), რის შემდეგაც მათ საზღვრის კვეთაზე უარს ეუბნებიან.
ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ თვითმხილველების თქმით, რუსეთის სხვა რეგიონების მცხოვრებლებს საქართველოში შეუზღუდავად უშვებენ.
პარტია “ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე წერს, რომ მობილიზაციისგან გაქცეული გროზნოელი მეგობრები საქართველოში არ შეუშვეს.
„ძმები არიან, კარგი ხალხი, ფარული ოპოზიციონერები. სახლში არა კადიროვის, არამედ დუდაევის ფოტო აქვთ დაკიდებული. ისინი არასოდეს მუშაობდნენ სამთავრობო უწყებებში და არ იყვნენ სამხედროები. სამი დღე ვიდექით რიგში, გადავკვეთეთ რუსეთის საზღვარი და ქართულმა მხარემ უარი თქვაო. ამასობაში გროზნოში გაიგეს, რომ ქვეყნიდან მიდიოდნენ, პოლიცია გამოიძახეს და დაიბარეს – ჯარისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებენ, მოღალატეებად თვლიან.
მათი დაბრუნება ნიშნავს წამებას, სიკვდილს და იძულებით გადაყვანას უკრაინის ფრონტზე. ისინი დგანან ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ორ საზღვარს შორის, საქართველოში ვერ შედიან და შიშის გამო ვერ ბრუნდებიან. ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე გეკითხებით, შეგიძლიათ დაასახელოთ თანამდებობის პირი, დეპარტამენტი ან კონტაქტი, რომელიც დამეხმარება მათ გადარჩენაში? მე მზად ვარ ვუშუამდგომლო მათ, რომ გადარჩნენ“, – განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
რუსეთიდან მოქალაქეების კონკრეტულად კი სამხედრო ასაკის მამაკაცების გადინება, სწორედ ხსენებულმა მობილიზაციამ გამოიწვია.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
რამდენმა კაცმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ
საზღვარზე 30 კმ-იანი რიგია – რუსები საქართველოში ველოსიპედებით და ფეხით შემოდიან