ვლადიმერ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000 კაცმა დატოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც “ნოვაია გაზეტა“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით წერს, კრემლში მიმდინარეობს მსჯელობა სამხედრო ასაკის კაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ.
ამაზე ადრე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების დაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.
ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.