კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ იმაზე, რაც 2021 წლის მარტამდე ხდებოდა, პასუხს ვერ აგებს.
“მე მინდა ყველას შევახსენო – ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ეს პრობლემები იყო ისეთი, რომლებიც არა სამონასტრო კომპლექსს, როგორც ხშირად ამბობენ და ქართულში ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, ჩემი აზრით, სიტყვები უნდა გამოიყენონ დანიშნულებისამებრ – საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე არა ერთი სამრეკლო ან ტაძარი, არამედ, ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, კერძოდ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს – ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, რომელსაც ძირითად ტაძარს ვუწოდებთ, მის ერთ კონკრეტულ და მნიშვნელოვან ნაწილს. ეს პრობლემები რა მომენტშიც ხდებოდა, იმ მომენტში და წლების მანძილზე, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ძირითადი ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო, ამიტომ, მინდა გითხრათ – მე უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე, 2008 წლიდან 2021 წლის მარტამდე არსებულ პრობლემებზე კულტურის მინისტრი, წულიკიანი პასუხს არ და ვერ აგებს”, – ამბობს წულუკიანი.
მისივე თქმით, მან 2021 წლის მარტიდან დაიწყო პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობა.
“რაზე ვაგებ პასუხს, მოგახსენებთ: 2021 წლის მარტიდან გვადგა ძალიან დიდი ჯაფა, როდესაც ძეგლთა დაცვის სისტემა ბოლომდე მოირღვა, ჩვენ მოგვიწია ამ შედეგებთან ბრძოლა და რაც არ უნდა დასაცინად, არასერიოზულად ჟღერდეს, ჩემი პირველი ამოცანა გახდა, მრავალი თვის მეკვლია და მერკვია, რა იყო მომხდარი. არ არსებობდა არავითარი სრულყოფილი დოკუმენტი, ოქმი 2008 წლიდან მოყოლებული, თუ რა გაკეთდა, როდესაც სახურავის რეაბილიტაცია დაიწყო. შესაბამისად, თუ ადამიანი არ არის ჯადოქარი, ის ვერ გამოიცნობს, რა არის კრამიტის ქვეშ, მაგრამ ვხედავდით იმას, რომ თვითონ პროექტი 2008 წელში შემუშავებული იყო მრავალმხრივ ხარვეზიანი. რაც შევძელით, მოვაგროვეთ დოკუმენტები და ამის შემდეგ დავიწყეთ იუნესკოსთვის სწორი ფომულირების შეთავაზება, თუ რა სჭირდებოდა ძეგლს და ეს შევძელით 2021 წლის აპრილი-მაისის პერიოდში და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები (მათ შორის უგო ტონიეტი) შარშან ივნისში ჩამოვიდნენ საქართველოში”, – აცხადებს წულუკაინი და ამბობს, რომამის შემდეგ, ნებისმიერ ნაბიჯზე აგებს პახუს და აღნიშნავს, რომ ის და მისი გუნდი დაკავებული არიან შედეგების ლიკვიდაციით და ახალი სახურავის მოწყობით.