“ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის თქმით, “ქართული ლეგიონიდან” აზოვსტალის ქარხანას სამი მებრძოლი იცავდა და ისინი იმ სამხედროებს შორის არიან, რომლებიც უკრაინელებმა ტყვეთა გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.
“200 ტყვეზე მეტი იყო გაცვლილი, მათ შორის სამი ბრიტანელი, რომლებიც “ქართული ლეგიონის” წევრები იყვნენ, უბრალოდ, ამაზე არ ვლაპარაკობდით ამდენი ხნის განმავლობაში, რადგან ძალიან სასტიკად ექცევიან ბიჭებს, თუ კი ჩავარდნენ [ტყვედ]. სამი პირი იყო მარიუპოლის დამცველებს შორის, რომელბიც “ქართული ლეგიონში” მსახურობდნენ. ეს გამარჯვება არის ფაქტობრივად, რადგან იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს უკვე პოზიციები აქვს შესუსტებული და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ უხდება მოლაპარაკებების გამართვა. ეს არის გამარჯვებაა, რადგან ბიჭები, რომლებიც იცავდნენ აზოვის სტრატეგიულ ობიექტებს, გათავისუფლდნენ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დასუსტებულია, რუსეთი თანახმაა მოლაპარაკებებზე, მაგრამ მე მგონია, რომ უკრაინული მხარე უკვე აღარ წავა მოლაპარაკებებზე, მანამ არ იქნება დეოკუპირებული ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ჯარს აქვს დაკავებული”, – ამბობს მამულაშვილი ტვ პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 215 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის, რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული “აზოვის“ პოლკის 108 მებრძოლი გათავისუფლდა, რომლებიც პრორუს ოლიგარქზე, პუტინის ნათლია ვიქტორ მედვედჩუკზე და რუსეთის 50 მოქალაქეზე გაცვალეს.