კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას.
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო მოუწოდებდნენ ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამის NGO-ებს, რომ თავი შეეკავებინათ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენ იყო მიმართული.
“ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამას საზოგადოება ხედავს. ორჯერ იყო ხელოვნური კამპანია აგორებული, თითქოს, რუსი ტურისტები რაღაც საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი, ხელოვნური და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები.
ამ შემთხვევაშიც, ბოლომდე კონტროლქვეშაა ვითარება და ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებელია და ასე გაგრძელდება მოქმედება.
რაც შეეხება ზოგად საფრთხეებს. რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ თვეებია. სწორედ ამის გამო მოვუწოდებდით ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამის NGO-ებს, რომ თავი შეეკავებინათ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენ იყო მიმართული, თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან, თუმცა ისინი აგრძელებდნენ რიტორიკას, პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩვენთვის იყო მიუღებელი.
ახლა მით უმეტეს, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს”, – აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.