ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვერ ვიხსენებ, რამ გამოიწვია უთანხმოება, არაადეკვატური ვიყავი” – ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული

ორსული ცოლის, 22 წლის ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნარკოტიკებს მოუხმარდა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ვერ იხსენებს, რამ გამოიწვია უთანხმოება.

“სანამ ჯანსაღ გონებაზე ვიყავი, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ურთიერთობა არ შეცვლილა, მე შევიცვალე, არაადეკვატური ვიყავი, ფსიქიკური პრობლემები მქონდა, ნორმალურად, როგორც შემეფერებოდა, ისე არ ვიქცეოდი. ქეთა მეხმარებოდა, ცდილობდა, რომ კარგად ვყოფილიყავი, ექიმთან რომ დავდიოდი, წამლებს მასმევდა. საწყობში ვმუშაობდი, მერე ჯანმრთელობის გამო ვერ ვმუშაობდი – ნარკოტიკების გამო, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკს მოვიხმარდი დიდი პერიოდის განმავლობაში, ბოლო პერიოდში, მოვუხშირე და ფხიზელი აღარ ვიყავი, სასმელს თავი დავანებე და ნარკოტიკზე გადავედი, ხან ყავაში ვისხამდი ნარკოტიკებს, ხან ჩაიში, ხან ლუდში.

ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც ვიღებდი და სხვა რამესაც. უთანხმოება რამ გამოიწვია, ვერ ვიხსენებ, ეჭვიანობა არ გვქონია, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მის ახლობლებსაც კითხეთ. ციხეში უფრო დავლაგდი, ნარკოტიკებს რომ არ ვიღებ, წამლებს ზომიერად მასმევენ”, – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში ახალგაზრდა მამაკაცმა 4 თვის ფეხმძიმე მეუღლე სამზარეულოს დანით მოკლა.

იტვირთბა....