ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

თხილის ბიზნესი: რა სანქციები უნდა გატარდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ქვეყანას იმიჯს ულახავენ

ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტის საკითხზე განმარტებებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს. სამინისტრო ასახელებს იმ კომპანიასაც, რომელმაც გადამუშავებული თხილის პარტიაში მიწის თხილი შეურია, რომელიც ალერგენად ითვლება და ამან გამოიწვია გერმანიაში ქართული თხილის იმ პარტიის ქსელიდან ამოღება.

ბიზნესის დასახმარებლად მთავრობამ შარშან 200 ათასი ლარის მიწის ფართობი ქობულეთში ერთ ლარად გადასცა „გლობალ თრეილს“, რომელმაც კამპანია „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, წელს გერმანიაში დაქუცმაცებული თხილი გაიტანა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მასში 20% დაქუცმაცებული მიწის თხილი აღმოჩნდა. ამის პასუხად ევროპელმა იმპორტიორებმა ქართულ თხილზე უარი თქვეს, რამაც გლეხები მძიმე დღეში ჩააგდო. თხილის ფასი, რომელიც შარშან 12 ლარს აღწევდა 3 ლარზე ჩამოვიდა.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, მოსავლის უდიდესი ნაწილი გასაყიდი აქვთ და თხილზე ფასის ასე მკვეთრი ვარდნა მათ შემოსავალზე ცუდად აისახება.

„ბევრმა ევროპულმა კომპანიამ თავი შეიკავა ქართული თხილის შესყიდვისგან. დღეს არ არის სტანდარტი ვინ რას აწარმოებს. ყველას შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. გაწერილი ეს არსად არ არის. ნებისმიერ ქვეყანაში როცა კომპანია რამეს აწარმოებს, ის რაღაც სტანდარტის შესაბამისად აწარმოებს“. – აცხადებს საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო  მოწერელია.

რატომ ვერ მოხდა რეგლამენტირება კონკრეტული კომპანიის, რომელმაც ქართული თხილი ექსპორტზე გაიტანა და როგორ ხედავს სამინისტრო ამ სიტუაციიდან გამოსავალს.

„მეტრონომი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თხილის ფასს ბაზარი განსაზღვრავს. მთავრობის მონაწილეობა ფასის განსაზღვრაში არის მინიმალური. იცით თქვენ, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე თხილის ბაზარზე მსოფლიოში და თურქეთზე დიდწილად არის დამოკიდებული მის წარმოებაზე, მასშტაბებზე და ა.შ. ფასზე გავლენას ახდენს ასევე მოსავლიანობის მაჩვენებელიც. არსებობს წელი, როცა მოსავალი დიდია და შესაბამისად მიწოდაბაც დიდია და პირიქით. რაც შეეხება რეგლამენტს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს შევიმუშავეთ რეგლამენტის პროექტი. მინდა ვთქვა, რომ ამ დრომდე ამ დარგში არასდროს ყოფილა კონკრეტული მოთხოვნები თხილთან მიმართებაში. ამიტომ, ეს იყო კომპლექსური სამუშაო. აქ ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა დაინტერესებული პირები, მათ შორის თხილის გადამამუშავებელ და ექსპორტიორთა ასოციაცია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან მალე  ეს რეგლამენტი იქნება მიღებული. რეგლამენტში ბევრი რამ იქნება გათვალისწინებული. მათ შორის, რეგლამენტით გათვალისწინებულია ბაზარზე გატანის ფორმები“. – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე.

„მეტრონომი“: როგორ აპირებთ შელახული რეპუტაციის აღდგენას გერმანულ ბაზარზე?

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ყოველ კონკრეტულ საწარმოში ვერ იქნება წარმოდგენილი, რომ მოხდეს მუდმივად მათი შემოწმება და კონტროლი. ეს არც არის აუცილებელი, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა ასევე მოდის ბიზნესზე. გარკვეული ბიზნესეთიკის და კეთილსინდისიერების შენარჩუნება არის აუცილებელი. იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღარ განმეორდეს. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, ჩვენ არაერთი მხარდაჭერის პროგრამას ვახორციელებთ, რათა ამაღლდეს ჩვენი ფერმერების კონკურენტუნარიანობა. მე რაც შემიძლია ვუთხრა ჩემს მოსახლეობას არის ის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრებია გახსნილი და მათი მოვალეობა  სწორედ ის არის, რომ მისცენ კონკრეტული რჩევები ჩვენს ფერმერებს“. – აცხადებს კერესელიძე.

როგორც სამინიტროში აცხადებენ რეგულაცია მალე ამოქმედდება, რომელიც ბიზნეს-ეთიკის დაცვისკენ მოუწოდებს ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს. თუმცა, რა ეშველება ქვეყნის დაზიანებულ იმიჯს ევრობაზარზე, ამაზე ზუსტი პასუხი მინისტრის პირველ მოადგილეს არ აქვს.

იტვირთბა....