ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე – ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია

[su_quote]ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი. ჩვენ გვახსოვს რა როლი შეასრულა PVT-ს გაყალბებამ იმ პროცესებში, რომელიც წარიმართა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი საბაბი იმისათვის, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. „სამართლიანი არჩევნები“ მაშინ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ პროცესებში, რომელიც იმართებოდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ, ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც მათი მხრიდან ისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ანუ აქაც ISFED-ი მოგვევლინა რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ. როდესაც ამ სრული ლუსტრაციის შემდეგ საელჩო “სამართლიან არჩევნებს” უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო  ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, რომ სამუშაო პროცესში იყოს ჩართული, ეს ჩვენთვის გასაკვირია. ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს ISFED-ს გამიჯვნოდა მისივე მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. მათ ეს რამდენიმე დღის მანძილზე არ გააკეთეს, საიდანაც ნათლად ჩანს მათი გამოხატული პოლიტიკური მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა, ამის შემდეგ გამორიცხულია “სამართლიანი არჩევნები” ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში[/su_quote]

ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ჯგუფებში „სამართლიანი არჩევნების“ დაშვებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. კობახიძის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ცნობისთვის, პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, “ქართული ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე ამ გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაციის მიკერძოებულობას ასახელებს.

ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განაცხადა, რომ ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას და საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.

იტვირთბა....