“ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია”. – ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს.
“წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას?! ამიტომ ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია, აქ ეთნიკურ წარმოშობაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია მტრული სახელმწიფო მოქალაქეებზე და მათი დიდი რაოდენობით ჩვენს სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სტანდარტულზე მეტი მოქალაქეა შემოსული, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში ომის შემდგომ დაიძრა ხალხი, იმიტომ რომ სანქციების გამო მათი კომფორტული ცხოვრება დაირღვა.
მე აქ არ ვგულისხმობ პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც დევნილები არიან, ისინი უნდა მივიღოთ ყველგან, რუსები იქნებიან, ბელორუსები თუ სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მოქალაქეებზე, ვინც უბრალოდ გაერიდა ამ რეჟიმს. ევროკავშირის ქვეყნებმა, რომელთა ქსენოფობიაში დადანაშაულება რთულია, შეუძლებელიც კია, შეზღუდეს რუსეთის მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში დიდი რაოდენობით შესვლა, მაგალითად, ბალტიისპირელებმა იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და არაფერ შუაში არ არის წარმოშობის გამო ადამიანის ზიზღი.
მათი უკონტროლოდ საგრძნობი რაოდენობით, სტანდარტულზე მეტის შემოსვლა და დარჩენა, ტურისტები არ იგულისხმება, ვინც რჩებიან ან ბიზნესს აწარმოებენ, განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს მინიმუმ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის, ხოლო როცა ასეთი არ გყავს, მაშინ ეს იწვევს საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას, ეს ბუნებრივი და ნორმალური ამბავია.” – განაცხადა ბოკერიამ.