ჩინური მედია Global Times-ი Twitter-ზე წერს, რომ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებს, მას შემდეგ, რაც კუნძულს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ეწვია.
ჩინური მედიის ცნობით, ჩინეთის არმია ტაივანის გარშემო მდებარე 6 არეაში გამართავს სამხედრო წვრთნებსა და ვარჯიშებს, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით. წვრთნები ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გაგრძელდება.
PLA will conduct important military exercises and training activities including live-fire drills in six regions surrounding the Taiwan island from Thursday to Sunday pic.twitter.com/k9q1WEDsyF
— Global Times (@globaltimesnews) August 2, 2022
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა.
ხოლო პელოსის ვიზიტის გამო მუქარების ფონზე, ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.
როგორც ირკვევა, პელოსის ტაიპეიში ჩასვლის შემდეგ ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ.
ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.
29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

