აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 “ეს არის „კლანებს“ შორის ბრძოლა – გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ქართულ ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?! – ლევან სამუშია გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე

ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი დახატვაც ე.წ. ხელისუფლებას სურს, ეს არის „კლანური“ დაპირისპირება და „კლანებს“ შორის ბრძოლა, – ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე ობიექტური გამოძიებაა ჩასატარებელი.

„ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი დახატვაც ე.წ. ხელისუფლებას სურს. ეს არის „კლანური“ დაპირისპირება და „კლანებს“ შორის ბრძოლა. გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ქართულ ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული თავიდან ბოლომდე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, მინისტრის მოადგილეები – სრულიად „ქართული ოცნება“ ყოფილა წლების განმავლობაში კორუფციაში ჩაფლული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?! სამართლებრივი ცალკეა, რასაც ობიექტური გამოძიება სჭირდება. ნახეთ, 1-2-3 წლის უკან როგორ ასხამდნენ ხოტბას ამ ადამიანებს და ქვეყნის გადამრჩენელებს უწოდებდნენ, დღეს კი საუბრობენ რომ თურმე, ესენი ყოფილან კორუმპირებულები. კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენ, ოპოზიციური პარტიები არაერთხელ ვსაუბრობდით, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ. გამოდის, რომ თურმე, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ბოლო 1 წელიწადია, რაც არის და ისინი სად იყვნენ მაშინ?!“ – განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.

გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.

მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი “ქოლ-ცენტრების” მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....